თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მთავრობასთან უკვე დაიწყო. ამის შესახებ ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC)-ს, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს, ოფიციალური წერილით ეცნობა.
ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება). ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) დარღვევას წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად. ხოლო თუ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებულია, დამატებით 12- კვირიან ვადაში წარადგინოს თავისი მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.