არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული ჯიშები, რომლებიც ადვილად ეგუება ჩვენს მიკროკლიმატს და გურიის რეგიონის ადგილობრივი რესურსების გამოყენებით (მიწის ფონდი), ახალი ტექნოლოგიების და სიახლეების მოშველიებით, მისი ადვილად გაშენებაა შესაძლებელი.
“მარკეტინგული კვლევა და ლიტერატურული მასალები ქმნის მოცემულობას, რომ შესაძლებელია ძალზე მომგებიანი მცენარის _ გოჯიბერის ჩვენში გაშენება”, _ გვეუბნება ოზურგეთელი ვახტანგ სურგულაძე. ის პროფესიით აგრონომია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. უყვარს საკუთარი საქმე და მუდამ სიახლის ძიებაშია.
ვახტანგ სურგულაძემ ორი წლის წინ გადაწყვიტა, უნიკალური ბიოლოგიური თვისებების მქონე კენკროვნის _ გოჯიბერის მოშენება. საცდელად რამდენიმე ძირი შეიძინა. მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია და მის კარმიდამოს დღეს უკვე გოჯიბერის ულამაზესი ყვავილებით მორთული ლიანა ღეროები ამშვენებს.
_ მე პირველი არ ვარ, ვინც გოჯიბერის გურიაში მოშენება სცადა. ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩემზე ადრე გააკეთეს. მეც გამიჩნდა სურვილი. ამ კენკროვანზე დღეს ჩვენში ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც ვთქვათ, მოცვსა და ჟოლოზე, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ასეთი ვითარებაც მომწიფდეს, _ გვეუბნება ბატონი ვახტანგი.
როგორც ის აღნიშნავს, გოჯიბერის ნერგები შეიძინა და დარგო:
_ დიდი კვლევა-ძიება არ დამიწყია, როგორ მომევლო. ჩვეულებრივად, ნოყიერ ნიადაგზე დავრგე. მოვამზადე შპალერები და მივაკარი. ძალიან არ გამისხლავს _ ლიანები სხვადასხვა მხარეს მივმართე. როგორც გითხარით, ახლა ვაკვირდები ამ მცენარეს. ჯერჯერობით, “დამჯერეა” _ ზრდის პროცესის საუკეთესო იყო და ახლა ყვავილობაც მომწონს. ვნახოთ, ნაყოფს როგორს მომცემს. ამის შესახებ ბოლოს გეტყვით, _ გვეუბნება ვახტანგ სურგულაძე და საკუთარ თვალსაზრისსაც გვთავაზობს, _ ამ მცენარისთვის, გაბედულად შეიძლება ითქვას, საუკეთესო ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პერიფერიული ზონები. მე სხვადასხვა წყაროებით, ასევე, ინტერნეტით გავეცანი ამ კენკროვანი კულტურის თვისებებსა და მნიშვნელობას. გოჯიბერი არის მარადმწვანე, თაფლოვანი მცენარე, რომელიც სიმაღლეში ორ-სამ მეტრამდე იზრდება, აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომლის წყალობით ადვილად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგს და კლიმატურ პირობებს. მცენარის ფოთლები ელიფსური ფორმისაა, ხოლო ყვავილები იისფერ-მოვარდისფრო-მოლურჯო. მშვიდი, ნებიერი სილამაზის მქონე ყვავილები აქვს, სიმკვეთრეს მოკლებულია, თითქოს, თუმცა, დაკვირვების შემდეგ, მეტად მიგიზიდავს და ცდილობ, არაფერი მოაკლო. გოჯის ნაყოფი თავისი ბიოლოგიური თვისებებით უნიკალურია, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო და კვებითი ღირებულებები. ასევე, აქვს საუკეთესო თვისებები და შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს: ვიტამინებს, მიკროელემენტებს, პოლისახარიდებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
საქართველოში გოჯიბერის ნერგები პირველად 2007 წელს, ჩინეთიდან შემოიტანეს, შემდგომ კი 2017-18 წლებში დაირგო საგურამოში, ჯიღაურას მრავალწლოვან კულტურების საცდელ ბაზაზე. იქ ხდება მათი გამრავლება და შემდგომი რეალიზაცია. მე სწორედ იქ შევიძინე. რაც მთავარია, დავრწმუნდი, რომ გოჯიბერი ჩვენში ადვილად მრავლდება და ეგუება ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს. ის არ არის დიდად მომთხოვნი.
ჯერჯერობით, გოჯიბერი ჩვენთან პოპულარული არ არის, თუმცა, შეიძლება, ეს უცებ მოხდეს, როგორც, მაგალითად, მოცვის პოპულარიზაცია. ამიტომ თუ მის გაშენებას გადაწყვეტთ, დარგვისას აუცილებელია საყრდენის გაკეთება. ასევე, შეიძლება შპალერების მოწყობა 2X3 მ-ის დაშორებით. მეორე-მესამე წელს ყალიბდება ჩონჩხის ტოტები. ყოველწლიურად სჭირდება გასხვლა, რის შემდეგაც მცენარე ბევრ ახალგაზრდა ნაყარს იძლევა, საიდანაც შეიძლება ძლიერი და გრძელი ტოტების დატოვება და მათზე ჩამოვაყალიბოთ 1-2-მეტრიანი შტამბი და ავაკრათ ინდივიდუალურად სარებზე. გოჯის გამრავლება შეიძლება ფესვის ამონაყრით, გადაწვენით, დაკალმებით და თესლით.
ჩვენი მიზანმიმართული რჩევა იქნება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ფერმერებმა გამოიყენონ აუთვისებელი ან გაველურებული მიწები და ფართობები ასეთი პერსპექტიული მცენარის გასაშენებლად, რომელიც ფართობის ერთეულზე დიდ მოგებას იძლევა. ეს ხელს შეუწყობს ქართული სოფლების განვითარებას და ასეულობით ადამიანის დასაქმებას. საერთო ჯამში კი, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, _ ამბობს ვახტანგ სურგულაძე.