მსურს, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, აქ რაც შეგვიძლია, გავაკეთებთ, მივიღებთ რეზოლუციას რუსული კანონის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სიტყვით გამოსვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მილოცვით დაიწყო
უკრაინის რადას დეპუტატის თქმით, ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას
„პირველ რიგში, მსურს, მივულოცო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და საქართველოს დიდი წარმატება. ქართული ფეხბურთი დიდებულია და ეს შესანიშნავი ამბავია. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგი ახალი ამბავია საქართველოდან დღეს, რადგან რასაც ჩვენ იქ ვხედავთ, ეს არ ეხება რუსულ კანონს, ეს არ ეხება უბრალოდ დემოკრატიას, ეს ეხება დამოუკიდებლობის დაკარგვას. ამის გაგება მნიშვნელოვანია. ჩვენი თვალით ვხედავთ საქართველოს ბელარუსიზაციას. ეს სიმართლეა. საქართველოს რეალური ჩრდილოვანი მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად ამართლებს რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგაც კი. რომ იცოდეთ, ივანიშვილმა დიდ აქციაზე თბილისში განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დამნაშავე საქართველოზე თავდასხმაში 2008 წელს, რუსეთი არ არის დამნაშავე 2014 და 2022 წლებში უკრაინაზე თავდასხმაში, არამედ დასავლეთის ე.წ. გლობალური ომის პარტია, ომის მოსურნეები, ე.ი. ჩვენ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ჩვენ გვსურს ვნახოთ ევროპული საქართველო, სწორედ ამიტომ ვართ დამნაშავეები და არა რუსეთი. ეს ხდება ახლა საქართველოში. ეს არის ცხადი გზა ბელარუსიზაციისკენ“, – თქვა გონჩარენკომ.