ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
„საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს.
მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს NGO-ები იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად, NGO არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება.
თვითონ NGO არის ასეთი ფენომენი და NGO არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც კი მუშაობდა NGO-ში, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.






























































