“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება და სიაში რჩებოდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მას ჰკითხეს სოციალურად დაუცველთა სიებიდან ამოღებული ადამიანების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით ხომ არ უნდა დადგეს წინა ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამინისტრომ შემოწმების შედეგად სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზიდან ათეულობით ათასი ადამიანი ამოიღო და არავის ამაზე პროტესტი არ გამოუცხადებია, იმიტომ რომ ყველამ კარგად გაიაზრა, რომ მათი სიაში ყოფნა უსამართლო იყო.
“მანამ სანამ სოციალური დახმარების მიმღებთა სიის გადამოწმების პროცესი დაიწყებოდა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რაც დადასტურდა შემდეგ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა ამ ბაზაში რჩებოდნენ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კოვიდის დროს, ერთი რომ დაემატა ადამიანები ბაზას და მაშინ გარკვეული მორატორიუმი იყო – გადამოწმებები არ ხდებოდა, ვინაიდან სოციალური ფონი კოვიდის დროს დამძიმდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა მკაცრი მიდგომა და ბაზების გადამოწმება არ ხდებოდა. ამიტომ ირაკლი კობახიძემაც თავის ამოცანად ბაზების გადამოწმება გამოაცხადა. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ამოღებულია ამ ბაზიდან და თქვენ, მე მგონი, აკვირდებით, რომ პროტესტი არ მოგისმენიათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ხვდებიან, რომ იმ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ”, – ამბობს პაპუაშვილი.
სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის 70 000 ოჯახი უკვე გადამოწმდა და მათ უმრავლესობას, შემწეობის მისაღებად საჭირო ქულა არ უგროვდება.































































