თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც კალაძემ მედიას განუცხადა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სახელმწიფოსა და საკუთარ ხალხზე.
„გახსოვთ, წლების წინ როდესაც მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორი შემოტევა და ზეწოლა იყო. სხვათა შორის, ეს დღესაც გრძელდება – დღესაც მიზანმიმართულად ვისმენთ არასწორ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გაჯერებულია ტყუილითა და სიცრუით, მიგვითითებენ იმაზე, რომ აღნიშნული კანონები უნდა იყოს გაუქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
გამჭვირვალობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი დემოკრატიის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ ვინ და რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტებზე ეგზავნებათ თანხები, ამის საჯაროობა არის მნიშვნელოვანი.
ისიც, რომ აშშ-ში აღნიშნულ კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ და ზუსტად ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, დღეს კიდევ უფრო ამკაცრებენ, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ და რისთვის, რადგან მთელ მსოფლიოში ისეთი გამოწვევებია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ თავსა და საკუთარ ხალხზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.






























































