სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტების ფარგლებში აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის განახლებას გეგმავს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სკოლის სასწავლო კორპუსის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. შენობას მიღებული აქვს I-II ხარისხის დაზიანებები, რაც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილებით საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის II კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მას ესაჭიროება გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება და სეისმომედეგობის გაზრდა.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, გარე საპირფარეშო იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, ნაწილობრივ ჩამოშლილია, აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროებს სრულ დემონტაჟს.
რაც შეეხება საქვაბე შენობას, ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უზრუნველყოფს შემდგომ ხანგრძლივ უსაფრთხო ექსპლუატაციას.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ და სხვა ობიექტებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების (Design-Build) შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა (MRS260053709) უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 სექტემბერი.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების გვერდზეა აღნიშნული, დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) კალენდარული თვის განმავლობაში.
ფოტოები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან.
ავტორი






























































