2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის II კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობთ, 2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0 პროცენტი) კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8 პროცენტი) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5 პროცენტი).
„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.
გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2026 წლის ნოემბერში 2025 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2025 წლის კვარტალური მაჩვენებლები. შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 13 ნოემბერს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


































































