ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესახებ მერიის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პირველი ელექტრონული ტენდერი (NAT260015955) 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 92 676.00 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 11 აგვისტოს დაიწყო და 14 აგვისტოს შეწყდა. ტენდერში შპს „ჯორჯიან კომპანიმ“ გაიმარჯვა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მიანიჭა.
„პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი (დანართი #6) გამარჯვებულ თანხაზე, მაგრამ დანართი #6 წარმოდგენილია ხარვეზით. კერძოდ: სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ პრეტენდენტს გეგმა-გრაფიკის შედგენისას უნდა გაეთვალისწინებინა პირველ თვეში შესასრულებელი სამუშაოების არანაკლებ 20%-ი, რომელიც შეადგენს 18 260.20 ლარს. პრეტენდენტის მიერ პირველ თვეში გაწერილია 14 000 ლარი, რითაც დარღვეულია სატენდერო დოკუმენტაციის პირობები.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერზე. აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირა კომისიის ყველა წევრმა“, _ აღნიშნულია სატენდერო ოქმში.
პირველი ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ჩოხატაურის მერიამ 25 აგვისტოს ხელახალი ტენდერი (NAT260017916) გამოაცხადა. წინადადებების მიღება 4-იდან 7 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. 8 სექტემბრის ოქმის მიხედვით, ამჯერად გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე „ლონდა ფხალაძე“ გახდა. თუმცა, როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, დისკვალიფიკაცია ამ პრეტენდენტსაც იმავე მიზეზით მიენიჭა.
„სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტს ეთხოვებოდა დაეზუსტებინა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი (დანართი N6) 84 741.50 ლარზე. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია გეგმა-გრაფიკი გამარჯვებულ თანხაზე, მაგრამ ხარვეზით. კერძოდ: პირველ თვეში შესასრულებელი სამუშაოების არანაკლებ 20%-ის (16 948.30 ლარის) ნაცვლად, პრეტენდენტს გაწერილი ჰქონდა 3 246.34 ლარი, რითაც დაირღვა სატენდერო პირობები. შესაბამისად, კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია“, _ ნათქვამია მეორე ოქმში.
პროექტი ითვალისწინებს შუა ამაღლების საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურულ განახლებას, რისთვისაც სულ 90 კალენდარული დღეა გამოყოფილი.
დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:
_ ძველი ნალესის ჩამოყრა;
_ გვერდითა და უკანა ფასადების მოპირკეთება;
_ გარე ინვენტარული ხარაჩოების მოწყობა და დაშლა;
_ სამღებრო სამუშაოები;
_ სპორტული დარბაზის სახურავის საფარის მოწყობა;
_ სადრენაჟე არხის მოწყობა.
იგეგემება თუ არა სარემონტო სამუშაოების დროს მოსწავლეების სხვა სკოლაში ან ალტერნატიულ ფართში გადაყვანა, „გურია ნიუსმა“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, შორენა სიხარულიძეს მიმართა:
„ამჟამად იგეგმება სპორტული დარბაზის სახურავის რეაბილიტაცია, რაც არ ქმნის საფრთხეს და არ ზღუდავს საგაკვეთილო პროცესს. რის გამოც, რჩებიან შენობაში ამ ეტაპზე“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
ინფორმაციისთვის, შუა ამაღლების საჯარო სკოლას 2023 წელს სრული ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე მიენიჭა.
ავტორი































































