“ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება იმ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ზოგადი განათლების საფეხურზე ვახორციელებთ. ვაცნობიერებთ, რომ ამ კუთხით გვაქვს გამოწვევები, მათ შორის ცალკეულ სკოლებში სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება. გარდა ამისა, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვაქვს და მომავალშიც გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით, ჩვენი მიზანია არსებული შეფერხებები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას. პარალელურად, ვაგრძელებთ მუშაობას სკოლების შინაარსობრივ განვითარებასა და განათლების ხარისხის ამაღლებაზე”,– ამბობს მინისტრი.































































