„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს.
როგორც ცნობილია, 20 ივნისის ღამეს 38 ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან 4-ს სამართლებრივ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ამ 4 ჟურნალისტს შორი არის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა.
„მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და ასჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
აქციის დროს ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები: ვახტანგ ბერიკაშვილი და ზაზა სვანაძე. ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, სპეცრაზმელების ნასროლი ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან, რის გამოც იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბერიკაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის. ამ ტყვიის ფოტოსურათი არაერთხელ გავრცელდა სოციალურ მედიაში და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.
აქციის ძალისმიერი დაშლის დროს ზაზა სვანაძემ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისგან არაერთი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს“,_ აცხადებენ იურისტები.
როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა იხსენებს, დაზიანების მიღების შემდეგ პოლიცია ხელს უშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში პოლიციაც და სპეცრაზმიც ხელს უშლიდა. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულს კი სთხოვდნენ გაეხსენებინა სად იდგა როცა ტყვია მოხვდა, ხომ არ შეეძლო გაეხსენებინა რომელიმე სპეცრაზმელი რომელმაც ისროლა ან ხომ არ დაუნახავს პოლიციელი, რომელიც გასროლის შედეგად დაზარალდა.
„ხალხისგან მოშორებით ვიდექი, კადრები გადავიღე და გადავაგზავნე რედაქციაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მომხვდა. რეზინის ტყვია ჯერ ხელზე მომხვდა, მერე ტელეფონმა აისხლიტა და გულმკერდის არეში მომხვდა. მაგ დროს მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, ისიც დაშავდა, ორივენი მოშორებით ვიდექით და ისე ვიღებდით. დაზიანების მიღების შემდეგ სპეცრაზმი ხელს მიშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში.
პროკურატურაში ძირითადად აინტერესებდათ ვნახე თუ არა რომელიმე პოლიციელი რომელიც სროლის შედეგად დაზარალდა ან ხომ არ დავინახე სპეცრაზმელები, რომლებიც ისროდნენ. ბოლოს კი მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა, ჯერ არავინ დამკავშირებია. ვითხოვთ, რომ ვიქნეთ დაზარალებულად ცნობილები და მოხდეს ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება“,_ ამბობს ცაავა.
აღსანიშნავია, რომ ივლისში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ორგანიზიციამ ასევე მოითხოვა მათი დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.
„ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე“,_ ამბობენ იურისტები.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილია 67 პოლიციელი და 4 დემოსნტრანტი. მათ შორის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე დაზიანება მიიღეს გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან. შესაბამისად საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი განცდა, რომ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტურია და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება პროცესების სამართლებრივ რეჟიმში წარმართვისათვის.