ოზურგეთში მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის თემა მუდამ დღის წესრიგში დგას. გამუდმებით ისმის გაუთავებელი წუწუნი და დავა გარე მოვაჭრეებისა, რომლებიც შეთავაზებულ დახლებსა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესვლაზე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, სულ უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იქ ვაჭრობა არ არის ხელსაყრელი, მყიდველი ნაკლებად შედის ან საერთოდ არ შედის. თავის მხრივ, პრინციპს არ უხვევს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ამბობენ, რომ გარე მოვაჭრეები მუდმივად თავის ნებაზე იქცევიან, მაშინაც კი, როცა გარკვეული მონაკვეთების მოწესრიგება ხდება და მათ არავინ ეხება.
ახლახან “გურია ნიუსის” რედაქციას გარე მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ეწვია _ ასაკოვანი კაცი შველას გვთხოვდა, თან ისიც გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისში იყო:
“სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი და ახლა აქ მოვედი. ძლივს ვგდავარ ფეხზე _ დამცხა, იმდენი ვირბინე. არ გვაყენებენ გარეთ. ბევრჯერ დაგვეხმარეთ, მაგრამ ახლაც მოგვეშველეთ! მოვიდნენ და ნაგვის ურნაზე მიაბეს ლენტი. მწვანილს ვყიდი და თავს ამით ვირჩენ. სიკვდილს არ მაცლიან”, _ გვითხრა აღელვებულმა შოთა შაქარიშვილმა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შოთა შაქარიშვილის შესახებ “გურია ნიუსში” მრავალი წლის განმავლობაში იწერება სტატიები. ავტ.), რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა და ითხოვს, სადაც სულ თავიდან იდგა, იმ დახლთან დააყენონ, თუ არა და, იდგება ქუჩაში და აქ მაინც არ შეეხონ.
_ რა უნდა შაქარიშვილს? ვინმე მისდევდა, რომ გაიქცა? ვინმე გაეკიდა? ჩიტაიშვილის გუბერნატორობის დროს რომ ბაზარი დაინგრა, ითხოვს, იქ რომ დახლი მქონდა, იქ დამსვითო. ვინ ებრძვის? აქეთ მოგვდევს. გავივლი _ მაგინებს, გამოვივლი _ მაგინებს. ძალიან ბევრს ვითმენ… დგას ქუჩაში, როგორც უნდა. ახლა ცხრა აპრილი ქუჩის კეთილმოწყობა ხდება. ფიქრობს, რომ მას ვებრძვი. იქ სამშენებლო მასალა იყო შესატანი, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია აკეთებს საქმეს. ადგილზე იმდენი მანქანა დგას, აუცილებელი გახდა დროებით იმ ტერიტორიის გადაკეტვა, რომ ადგილზე სამშენებლო მასალა მიგვეტანა. შაქარიშვილისთვის არაფერი გვითქვამს _ ვინც ქოლგებით და დიდი მანქანებით იდგა, მათ ვუთხარით, რომ დროებით იქაურობა დაეტოვებინათ. ლენტი იმიტომ გავჭიმეთ, რომ არ შესულიყვნენ ერთი დღით. შაქარიშვილი გაგვეჭიმა, იმათ რატომ უთხარით, არ დადგეთო. სულ იგინება… ახლა მოწესრიგდება იქაურობა და შემდეგ გამოიყოფა ყველასთვის ადგილები. კეთდება ღია დახლები და რა უნდა? მბრძანებლის სტატუსი აქვს რაიმე, რომ როგორც მას სურს ისე მოვიქცეთ? თავნებობა აკლია მაგას? მაინც თავის ჭკუაზე დგას იქ, როგორც უნდა, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ.
შოთა შაქარიშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილეს გურიის ქუჩაზე მდგარმა გარე მოვაჭრეებმა.
_ ჩვენ ყველას ერთი აზრი გვაქვს _ “ბუტკების” აშენება ახლა შეიძლება, ხომ? აკი სიორიძის დროს არ შეიძლებოდა?! მოათრიეს რაღაც “კიოსკის” კონსტრუქციები, დააყუდეს “პსპ”-ს აფთიაქის უკან და იქ უნდათ შეგვყარონ მაკულატურასავით. გაზეთები თუ დაეტევა იქ? ჩვენი “ტავარით” იქ როგორ მოვთავსდებით? აგერ, ჩვენ უკან კედელი რომ ამოაშენა ვიღაც ბიზნესმენმა, იცით, ეს ადგილი ვისი იყო? კოტე შარაშენიძის. მოიკითხეთ. ჩვენ გვინდოდა ყიდვა და არ დაგვითმო. მას საიდან ჰქონდა? მაგ “ბუტკებში” ჩვენ არ შევალთ, დააყუდონ და ჰქონდეთ, _ ბრაზობდნენ ისინი.
_ სიორიძის წინააღმდეგ მაშინ ყველა გარე მოვაჭრე გამოდიოდით. ახლა იხსენებთ და ამართლებთ?
_ ჩვენ იმიტომ ვიხსენებთ, რომ მაშინ თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ აკეთებენ? დაუჩემებიათ, ღია დახლებიო. “ბუტკის” ხსენება არ უნდათ და ახალი ტერმინი მოიგონეს. წამოდით და ნახეთ _ “ბუტკის ჩონჩხია”. გინდა დახლი დაარქვან და გინდა _ სახლი, _ გვითხრეს გარე მოვაჭრეებმა.
ჩვენ ადგილზე მივედით და მათ მიერ მითითებული კონსტრუქცია გადავიღეთ. როგორც შუქრი გაბრიჩიძემ გვითხრა, აქ რამდენიმე ასეთი “ღია დახლი” დაიდგმება.
კითხვაზე, ზამთარში როგორ უნდა იმუშაონ ღია სივრცეში, გაბრიჩიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: ქუჩაში რომ ტროტუარზე დგანან, იქ როგორ მუშაობენ? ხალხი ტროტუარზე ვერ გადაადგილდება!
გარე მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ აქ გადასახადს დაუწესებენ და ასე მუშაობას ვერ შეძლებენ. შუქრი გაბრიჩიძის თქმით კი ჯერჯერობით, გარე ვაჭრობაზე გადასახადი არავის დაუწესებია და ესეც საბაბია ან მათი ვარაუდი.
9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების და გარე მოვაჭრეთა პრეტენზიის შესახებ, “გურია ნიუსმა” კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს:
“ოზურგეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე მოვაჭრე გარე მოვაჭრეებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად და ამავე ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ოზურგეთის მერია 9 აპრილის ქუჩაზე გეგმავს ღია ტიპის, გადახურული სავაჭრო დახლების მოწყობას. ეს იქნება კეთილმოწყობილი ლითონის კონსტრუქციები. გარდა ამისა, მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ამორტიზებული ტროტუარების მოწყობა და ბეტონის დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოების გამახორციელებელია შპს “მშენებელი”, _ წერია ოზურგეთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.