ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრში _ გალერეაში, გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მეცხრე საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა, სადაც მრავლად იყვნენ მოწვეული სტუმრები, გახსნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. გამოფენაზე წარმოადგინეს გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მხატვართა ნამუშევრები.
დარბაზში ერთგვარ სავიზიტო ბარათად ჩანდა მხატვარ ვასილ მჟავანაძის ტონირებული თაბაშირით შესრულებული ნამუშევარი “ილიას გზა”.
გამოფენის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ყველა ავტორს გააჩნია საკუთარი ორიგინალური ნიშა და თვითმყოფადი ხაზები, რითაც საკუთარ ინდივიდუალიზმს კარგად უსვამს ხაზს.
გურამ ცერცვაძემ საგანგებოდ გამოცემული კატალოგი გადასცა გამოფენის მონაწილე მხატვრებს, რომელიც სპეციალურად მათთვის დამზადდა.
გამოფენა 24 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ნოემბრამდე გასტანს, რაც საშუალებას მისცემს ყველა ხელოვანს თუ ხელოვნებით დაინტერესებულს, უკეთ გაეცნოს ნიჭიერი გურული მხატვრების ნამუშევრებს.