ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, ფრაქციებსა და კომისიებში განხილვის შემდეგ, ლანჩხუთის საკრებულომ გასულ ორშაბათს მისცა დასტური.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებიდან გაირკვა, რომ ზემოთ ნახსენები ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მთავრობის განკარგულებაა, რომლის საფუძველზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 500 ათასი ლარი. ლაშხიასვე თქმით, ეს თანხა მიიმართება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ნაპირსამაგრების მოწყობისა და არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
ცნობისთვის, ეს თანხები გასული წლის შემოდგომაზე მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ გამოიყო და ახლა ეტაპობრივად ხდება მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა.
როგორც ირკვევა, პროექტის მთლიანი ღირებულება, რომლითაც ამ სამუშაოების გახორციელება იგეგმება, ორ მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, ვინაიდან წლის ბოლომდე მეტი თანხის ათვისება შეუძლებელია, დანარჩენი “მსხვილი ლუკმა” კი მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გასახორციელებელი სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთლიანობაში 6 მილიონ ლარზე მეტი თანხის გახარჯვაა გათვალისწინებული. აქედან, გარკვეული ნაწილი უკვე აისახა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და შესაბამისი სამუშაოებიც გახორციელდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში: ნინოშვილი, ჩოჩხათი, სუფსა, ღრმაღელე, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი, ჩიბათი, ქალაქი, მაჩხვარეთი, შუხუთი,აცანა, ლესა. ყორე-ქვის გაბიონების მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 1 471 0 00 ლარი შეადგინა.
საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის, ალექსანდრე მახათაძის განმარტებით, გასული წლის შემოდგომაზე მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ განკუთვნილი თანხიდან მომავალი წლისთვის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სანიაღვრე არხებისა და გზების მოწყობაცაა გათვალისწინებული.
ის რომ, გზების მოწყობა ლანჩხუთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამას მერიის გვერდზე მოქალაქეთა მხრიდან გამოქვეყნებული არა ერთი კომენტარიც ადასტურებს:
“რა მოხდება რო სუფსის გზას მიხედოთ, ისეთი საშინელი მდგომარეობაა, კერძოდ წყალწმინდის გადასახვევთან. საშინელება ხდება, მიაქციეთ ყურადღება. ვინ არის ამ უბნის დეპუტატი, ვინმემ იკითხოს ამბავი მაინც”, _ წერს ფეისბუქმომხმარებელი ეთო ეთო.
“ხრეში მაინც დაყარეთ, იმხელა ორმოებია, ვერ დადის მანქანები”, _ რჩევას აძლევს მერიას ნონა სალუქვაძე.
სუფსა-წყალწმინდის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომენტარებზე დაკავშირებით მერია განმარტავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
ირკვევა, რომ გზის პრობლემა მუნიციპალიტეტის პირველი პირის, ალექსანდრე სარიშვილის თანასოფლელებსაც აწუხებთ:
“კოკათის გზას რა ეშველება?!” _ წერს ფეისბუქმომხამარებელი მიხეილ მარშანიშვილი და იქვე აკონკრეტებს, რომ სოფელ ხორეთიდან კოკათში ასასვლელ გზას გულისხმობს.
“კოკათში რკინიგზა რომ გავა, მერე გააკეთებენ გზას”, _ წერს ვინმე ნიკო ნიკოვიჩი მარშანიშვილის პასუხად.
“გულიანში, კონკრეტულად “ნაქუბარში” როდის იგეგმება გზის ბეტონის საფარით მოწყობა ხო ვერ გვეტყვით?” _ ინტერესდება ფეისბუქმომხმარებელი მამუკა კუპრაძეც.