ახლახან, ოზურგეთში, ტრადიციული დღესასწაული “ალეგრობა” შედგა, რაც “ოზურგეთობასთან” არის გაიგივებული _ ყოველ წელს, ამ დროს ხდება ოზურგეთის საპატიო მოქალაქის და მოღვაწის წოდების მინიჭება.
წელსაც, როგორც ყოველთვის, გამოითქვა აზრთა სხვადასხვაობა და გაიმართა პოლემიკა დაჯილდოებულ პირთა მიმართ, რაც ბუნებრივიცაა.
თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსჯელობა მიდის შერჩევითობის მიხედვით, ვინ ვისი მომხრეა პოლიტიკურად და ყველაზე მთავარი _ ვინ ვისზეა განაწყენებული.
არ გვინდა, გავცდეთ ეთიკის ნორმებს, ადამიანებს გული ვატკინოთ და საკუთარი შეხედულების ჭრილიდან გავხედოთ. თუმცა, როცა არსებობენ უფრო დამსახურებული ადამიანები, ასაკოვნები, რომელთა ღვაწლი და ცნობადობა გაცილებით დიდია, თუმცა, კადრს მიღმა რჩებიან. ასევე, როცა ერთი ორგანიზაციიდან ოთხი პირი ჯილდოვდება და სულ შესაბამისი წოდება ხუთია, აქ მიდგომა ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ძირითადად, სწორედ ამ თემაზე გვსურს საუბარი ამ წერილში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძეა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა რომ აღარ მოხდეს, პროცესი უფრო გამჭვირვალე რომ იყოს, სამომავლოდ მიდგომა შეიცვლება:
_ მოქმედებს საკრებულოს მიერ დადგენილი წესი. ადამიანს ვერ აუკრძალავ, წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა ან საინიციატივო ჯგუფმა თუ კერძო პირმა რეკომენდაცია გაუწიოს ვინმეს. ასე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ, ვინ უფრო დამსახურებულია და ვინ _ არა. წინააღმდეგი ვარ იმ აზრის, რომ ვინ ვისი და, ძმა ან შვილია, ადამიანები ამის მიხედვით შევზღუდოთ, თუმცა, სამომავლოდ გარკვეული მიდგომა უნდა შევიმუშავოთ. კერძოდ, უფრო დეტალურად იყოს ინფორმაცია მოძიებული თითოეული წარმოდგენილი პირის ირგვლივ, მისი ასაკი, დამსახურება, საზოგადოებრივი ცნობადობა. ამას თან დაერთოს, სულ ცოტა, ათასხუთასი კაცის ხელმოწერა, ვინც წარადგენს დასაჯილდოებლად ამა თუ იმ პირს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დღემდე კი რა წესიც არსებობს, ეს ჩვენ არ დაგვიდგენია და დავემორჩილეთ მას, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.
_ ბატონო ირაკლი, არა ერთი კითხვა შემოვიდა ჩვენთან. მაგალითად, მოქალაქეები გვეკითხებიან, რა ასაკი და დამსახურება აქვს ვანო ჩხარტიშვილის დას, რომელიც საპატიო მოღვაწის წოდებაზე, თავისი კარის მეზობელმა ორმა ქალბატონმა წარადგინა, რომლებიც ამავე დროს მის სახლში მუშაობენ?
_ მე ვთქვი, რომ ადამიანები იმის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ, ვინ ვისი და ან ძმა თუ შვილია. უნდა შევაფასოთ დამსახურების მიხედვით, არავინ ირჩევს, ვისი შვილი ან დედა თუ მამა იყოს. ხშირად ასაკიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი, თუმცა, გეთანხმებით, მიდგომა უნდა გამკაცრდეს და ასეც მოვიქცევით სამომავლოდ.
“ალეგრობაზე” საპატიო მოქალაქის წოდება სამ პირს მიენიჭა. ხუთი საპატიო მოღვაწის და ორი საპატიო მცხოვრების ადგილებიდან, ანუ შვიდიდან ოთხი ადგილი დაიკავა ოზურგეთის ა(ა)იპ კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, რაც “ალეგრობის” შემდეგ ყველაზე რეზონანსული გახდა. კითხვები დაისვა სწორედ იმ კუთხით, რომ თუ წესი საშუალებას გაძლევს და არ იზღუდები, მაინცდამაინც მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის წარდგენილ კანდიდატებს უნდა მიენიჭოთ და დაიკავონ ადგილების უმეტესობა?
კვლავ აღვნიშნავთ, რომ უღირსი არავინ იყო, თუმცა, უფრო ღირსეული რომ ძალიან ბევრია, სადავო არაა.
ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული ა(ა)იპ ორგანიზაციის ხელმძღვანელს თამარ ნადირიძეს, რომელიც არ მიიჩნევს არანაირ შეუსაბამობად მის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დაჯილდოებას.
_ კანონით, რის საშუალებაც გვქონდა, ისე მოვიქეცით. ჩვენ რვა მომღერალი და მოცეკვავე, ძალიან დამსახურებული ადამიანი წარვადგინეთ. ამ ქორეოგრაფებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ.
_ ქალბატონო თამარ, ჩვენ გეკითხებით, როცა იცით, რომ სულ ათი ადგილია, აქედან საპატიო მოღვაწის და მცხოვრების ტიტულზე შვიდ და რვა კაცს წარადგენ, უხერხული არ არის?
_ რატომ? ესენი ყველა დამსახურებული ადამიანები არიან. როცა კანონი არ ზღუდავს და როცა ადამიანს სურს, რომ იყოს წარდგენილი, ჩვენ რატომ უნდა დავაბრკოლოთ? ამიტომაც წარვადგინეთ ეს ადამიანები ჩემი სამსახურიდან.
_ თქვენი სამსახური აღნიშნული ა(ა)იპ ორიოდე წელია გახდა, ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლაში კი წლების მანძილზე მუშაობთ. მასწავლებელი წარგედგინათ _ ცოტაა დამსახურებული პედაგოგი?
_ ახლა ასე რა ვიცი? წარედგინა რესურსცენტრს. მე ჩემი სამსახურიდან წარვადგინე, ჩემი სფეროდან…
_ თქვენი სფერო ეს ორგანიზაციაა?
_ ახლა აქ ვარ ხელმძღვანელი. ჩემს სამსახურში უფრო ახალგაზრდული ნაწილია. მაგალითად, ვეფხია ფიფია მოსწავლე ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ოპერატორია, ცამეტი წელია მუშაობს კულტურის და დასვენების პარკში. ლტოლვილია, სამჯერ დაიწყო ცხოვრება თავიდან, წესიერი კაცია. ამიტომ წარვადგინეთ.
_ ესე იგი, არანაირ უხერხულობას არ გრძნობთ, რომ შვიდი ადგილიდან ოთხი წოდება თქვენს, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურში, ასე ვთქვათ, “წამოვიდა”?
_ რატომ უნდა ვიგრძნო უხერხულობა?! კანონი რის საშუალებასაც გვაძლევდა, ისე მოვიქეცით. თუ არ იმსახურებდნენ, ნუ შეარჩევდნენ. მე ვიცი, რომ იმსახურებენ ეს ადამიანები საპატიო მოღვაწის და საპატიო მცხოვრების წოდებას.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი სამსახურიდან კატეგორიულად ითხოვდით მათთვის წოდების მინიჭებას. ეს ზეწოლა არ არის?
_ ნამდვილად არ მოგვითხოვია ასეთი რამ.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი გამკაცრდეს?!
_ კი, კარგი იქნება, თუმცა, ახლა ვინც წარვადგინეთ, ყველა დამსახურებულია. კანონი არ დაგვირღვევია _ წესი არ გვზღუდავდა და ვისარგებლეთ ამ რეალობით და არა ზეწოლით ან აკრძალული მეთოდით, _ თავის არგუმენტები ბოლომდე მოიშველია ნადირიძემ.