“გურია ნიუსი” უკვე წერდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში სეს-ის გურიის რეგიონულმა სამმართველომ საბავშვო ბაღები, მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, 400-400 ლარით დააჯარიმა. ეს ეხებოდა ზაფხულის პერიოდში შეუსრულებელ სარემონტო სამუშაოებს, რაც, როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ გვითხრა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი თეა შველიძე გასულ კვირაში შეგვპირდა, რომ ამ კვირის დასაწყისშივე, ორშაბათს, 28 ოქტომბერს, დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა აღნიშნულის თაობაზე.
_ მასალებს ხომ უნდა შეროვება, ყველაფერს მოგაწვდით ორშაბათს, _ გვითხრა მან გასული კვირის პარასკევს.
მიუხედავად ამისა, თეა შველიძეს, სანამ დღის ბოლოს არ შევახსენეთ, რომ ველოდებოდით შეპირებულ მასალებს, ჩვენთვის არაფერი გამოუგზავნია. შეხსენების შემდეგ კი, მხოლოდ ოთხი სიტყვის მოწერით დაკმაყოფილდა: “კრიტიკული შეუსაბამობა არ მომხდარა”. როცა ობიექტი ასე ფასდება, ნიშნავს, რომ ის უნდა დაიხუროს.
ის, რომ დაჯარიმებული საბავშვო ბაღების მდგომარეობა ასე არ შეფასებულა და სანქცირება მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა, ისედაც ლოგიკური და გასაგები იყო; ჩვენ პრესსამსახურისგან გვაინტერესებდა ინფორმაცია, რამდენი ბაღი დაჯარიმდა და კონკრეტულად, რა დარღვევის საფუძველზე. ასევე, ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, არის თუ არა საკმარისი, გონივრული ვადა სამი თვე დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად.
სეს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა შველიძემ ამჯერად წერილობითი მიმართვა მოითხოვა და გადაგვამისამართა რეგიონულ სამსახურთან. როგორც წინა სტატიაში ვწერდით, სწორედ რეგიონული სამსახურის უფროსმა, მანანა ერქომაიშვილმა გვითხრა, რომ პრესსამსახური მოგვაწვდიდა შესაბამის ინფორმაციას.
სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსმა მანანა ერქომაიშვილმა, როგორც კი დავუკავშირდით, გვითხრა, რომ მალე მოგვაწვდიდა სრულ ინფორმაციას:
_ ცალ-ცალკეა აქტებში ყველაფერი ჩაშლილი, უნდა მოვიძიოთ ყველა და ასე უნდა ამოვწეროთ. მალე მოგაწვდით, _ გვითხრა მან, ცოტა ხანში კი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ყველაფერი მზა აქვს და გვთხოვა, მივსულიყავით. სამწუხაროდ, საბოლოოდ, ინფორმაცია მისგან ვერ მივიღეთ _ ქალბატონი მანანას თქმით, შეგვეძლო, გვესარგებლა დაჯარიმებული მხარის _ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია:
_ დაჯარიმებული საბავშვო ბაღებია: ასკანის, შემოქმედის, მთისპირის, ნარუჯის, ლაითურის და მელექედურის საბავშვო ბაღები; ისინი 400-400 ლარით დაჯარიმდნენ. კონკრეტულად, მაგალითად, ასკანის საბავშვო ბაღის დაჯარიმების მიზეზი ასეთია: “სასაწყობე ოთახის ფანჯარა უნდა იძლეოდეს რეცხვა-დეზინფექციის საშუალებას.”
მაკა ჭყონიას თქმით, “ხის მასალისგან დამზადებული ჩარჩოები არ იძლევა რეცხვის საშუალებას, ამიტომ უნდა ჩაისვას მეტალოპლასტმასისგან დამზადებული”.
კითხვაზე, მოესწრება თუ არა ეს შესაბამის დროში, რომელიც განახლებული რეკომენდაციით, კვლავ სამი თვეა, ჭყონია ამბობს, რომ შესაძლოა, არ მოესწროს:
_ თუმცა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მოვასწროთ. ჩვენ, ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ სამუშაოები შეგვესრულებინა. თუმცა, პროცესი იწელება დროში. ამიტომ არის საჭირო გონივრული ვადები, მაგრამ ვიმეორებ, მაქსიმუმი უნდა შევძლოთ და მოვასწროთ, _ გვითხრა ჭყონიამ.
თუ დაჯარიმებული ბაღები მითითებული სამი თვის ვადაში ვერ მოასწრებენ სარემონტო სამუშაოებს, რაც სრულიად მოსალოდნელია, მორიგი შემოწმებისას, 1 200 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო მესამე შემთხვევაში _ დაიკეტებიან კიდეც ანუ შესაძლოა, მოხდეს ის, რაც პრესსამსახურმა ოთხი სიტყვით მოგვწერა _ დადგინდეს კრიტიკული შეუსაბამობა.
საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ბუნებრივია, თუმცა, რატომ ვერ ხერხდება მდგომარეობის მოსაწესრიგებლად გონივრული ვადების დადგენა და მხარეებს შორის შეთანხმება, ჩვენთვის ისევ გაუგებარი დარჩა. ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ტენდერის გამოცხადება, სარემონტო სამუშაოების წარმოება დროს მოითხოვს, თანაც, საბავშვო ბაღებში ახლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. საბავშვო ბაღების დაჯარიმება და მით უმეტეს, დახურვა კი, ცხადია, ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.
ამ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია მერიის აქტიური ჩართულობა.
ოზურგეთში, საბავშვო ბაღების შემოწმება-კონტროლი კვლავ გრძელდება. “გურია ნიუსი” მზადაა” პროცესში ჩაერთოს; მიგვაჩნია, რომ ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რადგან საზოგადოება, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს ამ საკითხის მიმართ, ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.