მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს 23 ნოემბრისთვის შეიწყალებდა სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ამ დროისთვის ცნობილი ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის დეკანოზის შეწყალების საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
„ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და, ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
imedinews-ის ცნობით, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უქმე დღეებში საპატრიარქოში პროცედურულად არაფერი ხდება და თუ რამე დოკუმენტი მომზადდება ოფიციალურ განცხადებას პატრიარქის წარმომადგენელი გაავრცელებს.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.