დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება. 11 საათზე დაწყებითი კლასების პედაგოგთა გამოცდა დაიწყება.
„გურია ნიუსი“ გამოცდის დაწყებამდე არაერთ პედაგოგს გაესაუბრა, რომელთა უმეტესობა ღელავს, საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი და კომენტარის გასაკეთებლად მზად არის, თუმცა, ვინაობის დასახელებას ერიდება:
_ ჯერ ერთი, რომ ძალიან ცუდი მიდგომაა, როცა პრაქტიკოს, ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელმაც, შესაძლოა, ვერ ჩააბაროს გამოცდა, ანუ არის საკითხები, რომელიც ზერელედ არის განსაზღვრული და საერთოდ არაა საჭირო შესაბამის კლასში, ის სკოლის გარეთ დატოვოს. უკვე მეტი შესაძლებლობა არ გვექნება. 35 წელი ვიმუშავე სკოლაში. აქამდე ვვარგოდი? არ გავურბივარ არანაირ შემოწმებას. გაკვეთილზე მნახონ ათჯერ, ოცჯერ… რამდენჯერაც სურთ. მთავარი ის არის, რომ მასწავლებელი შეფასდეს გაკეთებული საქმით, როგორი წვდომა აქვს ბავშვთან და გაკვეთილთან. ესაა საქმე! ძალიან ვღელავთ! _ გვითხრა ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგმა, რომელიც გამოცდაზე შესასვლელად ემზადებოდა.
_ ჩვენ ვართ დაწყებითი კლასების მასწავლებლები. ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე და ასევე მათემატიკაში მეათე კლასის მასალებს რომ გვთხოვენ, თან დეტალურდ, ეს არის საჭირო? არანაირად არ გვჭირდება ეს ყველაფერი დაწყებით საფეხურზე, თუმცა, უკვე ვრწმუნდებით, რომ პრაქტიკოს პედაგოგთა ფარული ჩაგვრის ფორმაა მოფიქრებული, რაც იანვრიდან უკვე გამოიხატება იმით, რომ ძალიან ბევრი არაპენსიონერი და ახალგაზრდა მასწავლებელი დატოვებს სკოლას, რომელიც ორმაგად დაჩაგრული დარჩება: არც საპენსიო ჯილდო მუწევს, რადგან საამისო ააკი არ აქვს და სამსახურს თავისთავად დაკარგავს, _ ასეთი აზრი აქვს გამო ცდის მომლოდინე მასწავლებელთა უმეტესობას.
პედაგოგებმა აღნიშნეს ისიც, რომ სერტიფიცირებული შემთხვევითი მასწავლებელიც ბევრია, რომელიც გაკვეთილის მსვლელობისას სუსტია და პროცესს თავს ვერ აბამს.
_ უნარების გამოცდაზე უნდა შევსულიყავი და იმდენად ავღელდი, გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი პედაგოგის ნაამბობით, რომ ძალიან დამაბნეველი საკითხები იყოო, აღარ შევედი. ერთი კრედიტი მაქვს და ვიფიქრე, ესეც არ დავკარგო,-მეთქი, _ გვითხრა ერთმა ასევე გამოცდის მომლოდინე მასწავლებელმა.