„და ჩვენ ვიცეკვეთ“ _ ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა, ქართული მარში აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდას არ დაუშვებს და კინოთეატრების დირექციისგან ფილმის ჩვენების აკრძალვას ითხოვს.
იმ შემთხვევაში კი თუ ფილმი არ აიკრძალება, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ტვ პირველთან საუბარში ამბობს, რომ მაშინ მშვიდობიანი ფორმებით შეძლებენ, ფილმის ჩვენება არ შედგეს.
ფილმის ქართველი პროდიუსერი, ქეთი დანელია კი მუქარის ავტორებს ფილმის ნახვას და მისი შინაარსის გააზრებას ურჩევს.
დანელიას იმედოვნებს, რომ კინოთეატრები და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერაზე მისული მაყურებლის უსაფრთხოების სათანადოდ დაცვას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ფილმი შვედეთში გადაიღეს და მასში აღწერილია ორი ქართველი მოცეკვავის ისტორია.
რაც შეეხება, ფილმის აღწერას, მერაბი მეწყვილე მარისთაn ერთად პატარაობიდან ემზადება ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი იმავე ანსამბლს შეუერთდება და მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი და სურვილი ხდება.
ქართულ-შვედური ფილმის პრემიერია კანის კინოფესტივალზე მაისში გაიმართა და ერთ-ერთ მთავარ სექციაში მოხვდა. რამდენიმე ქვეყანაში უკვე შედგა მისი ჩვენება.
ფილმს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს უკვე მოპოვებული, ამერიკის კინო აკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი შვედეთის სახელით წარდგება.