რუსეთის კავშირი ბერლინში მომხდარ საქმესთან, რომელზეც გერმანიას საუბარი არ სურს_ ამ სათაურით აქვეყნებს CNN სტატიას, რომელიც საუბარი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზეა.
ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში მეჩეთში მიდიოდა, როდესაც ელექტრო ველოსიპედით მიმავალი კაცი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ორჯერ თავში, ერთხელ კი მხარში ესროლა.
ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. მომხდარმა გერმანია-რუსეთის რთული ურთიერთობის შესახებ არასასიამოვნო კითხვები წამოჭრა.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევიდან 2 თვე გავიდა, გამოძიება კი დასრულებული არ არის. მკვლელი არ საუბრობს, კრემლი მონაწილეობას უარყოფს, გერმანია კი მოსკოვისკენ თითს არ იშვერს.
ხანგოშვილის მკვლელობამ საგონებელში ჩააგდო ევროპაში მცხოვრები ათობით ათასი სხვა ჩეჩენი მიგრანტი. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანიის რეაგირებას.
ხანგოშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ძებნილი. ის რუსეთ- ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა. მართალია, 2005 წელს მან წინააღმდეგობის მოძრაობა დატოვა, მაგრამ მის მიმართ მტრობა არ შეწყდა.
როგორც გამოცემა წერს 2000-იანი წლების ბოლოს ხანგოშვილი საქართველოში დასახლდა და მკვლელობის მცდელობებიც მაშინ დაიწყო.
გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე ამბობს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა თბილისშიც განხორციელდა.
კვახაძეს თქმით, პირველი შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როდესაც მისი მოწამვლა სცადეს.
2015 წელს ხანგოშვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა საბურთალოზე, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც კვახაძე ამბობს, ახალი ხელისუფლება ამბობდა, რომ თავდასხმის ამსახველი კადრები არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.
კვახაძეს თქმით, ხანგოშვილი დარწმუნებული იყო, რომ მის მოკვლას რუსეთის დაზვერვა ცდილობდა და ვარაუდობდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა მათ ოპერაციის ჩატარების ნება დართეს.
2015 წელს ხანგოშვილმა თავშესაფარი უკრაინაში მიიღო, თუმცა, როგორც მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, იქაც ემუქრებოდნენ.
ხანგოშვილი იძულებული გახდა გადარჩენის მიზნით თავშესაფარი ევროპაში ეძებნა და 2016 წელს გერმანიაში ჩავიდა.
სადაც, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი მანსურ სადულაევი ამბობს, ხანგოშვილმა სამჯერ მიმართა ხელისუფლებას თავშესაფრის მისაღებად, მაგრამ სამჯერვე უარი უთხრეს.
როგორც მაუწყებელი წერს, ჩეჩენი მიგრანტები გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.
მაუწყებლის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული 6 თვის განმავლობაში იქნება და ამ დროის გასვლის შემდეგ თუ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოხდა, გაათავისუფლებენ.