„ეს არის სრული უკანონობა და სრული აცილება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებთან“,_ ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი, ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ საბჭოში უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიმართვას.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით წერილი უკვე შესულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მოთხოვნის საფუძვლად იუსტიციის საბჭოს წევრები ანა დოლიძის მიერ პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ.
ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის საბჭოს უმაღლესი წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
მათ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი, ანა დოლიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს შესახებ არცერთ რეგულირებაში არ წერია, რომ იუსტიციის საბჭოს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, გაიწვიოს საბჭოს წევრი.
ანა დოლიძის განცხადებით, მან იუსტიციის საბჭოს კანცელარიას იმ დოკუმენტის მისაღებად მიმართა, რის საფუძველზეც საბჭოს წევრთა უმეტესობა პრეზიდენტისგან მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, თუმცა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მსგავსი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.
„ფაქტია, რომ საბჭოს ქცევა ამ შემთხვევაში არის „ქართული ოცნებისა“ და კლანის ხელწერა. კულუარული მოლაპარაკებები, დახურული კორესპონდენცია, ხალხისგან დამალული, ამავე დროს უკანონო მიმართვა. დღეს ნახეთ, რომ საბჭოს ფიზიკურად არ მოეპოვება ის ე.წ. წარდგინება, რომელიც მათ გააკეთეს.
როგორც კანცელარიის თანამშრომელმა დაადასტურა, აქედან არ გაგზავნილა. მთავარი აქ არის, რომ ადგილი აქვს უკანონობას. იქედან გამომდინარე, რომ საბჭოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბუნებაში, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, გაიწვიოს საბჭოს წევრი. ასეთი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს“,_ განაცხადა დოლიძემ.