გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.
სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.
მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.
ბახმაროს მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები აისახება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ქსელში, რაც საქართველოს საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 3 ახალი მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება.