ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა უგზოობას უჩივის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქუჩის იმ ნაწილშია, რომელსაც ადგილობრივები ბერაიების უბნად მოიხსენიებენ.
“ყველამ, ვისაც ევალება, კარგად იცის, რა მდგომარეობაცაა ამ ქუჩაზე _ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ ამოდის ჩვენს უბანში, არადა, აქ, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას და მათგან დაპირებებიც მივიღეთ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა, ამ დრომდე არაფერი ჩანს. პირიქით, უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. წვიმის დროს მდინარესავით მოედინება ქუჩაზე წყალი.
ძალიან ცუდ დღეში ვართ. დავიღალეთ ამ ფუჭი დაპირებებით და ვგეგმავთ, მერთან შევიდეთ, რომ პირადად ვთხოვოთ საკითხის მოგვარება. აბა, სხვანაირად არაფერი გამოვიდა. რაოდენობრივად ბევრი ოჯახი არ ცხოვრობს ქუჩაზე, ამიტომაც, ეტყობა, არ უღირთ ჩვენთვის თავის შეწუხება _ ჩვენთან ხომ ყველაფერი საარჩევნო ხმებს უკავშირდება?!” _ ამბობენ ქვიანის მცხოვრებლები.
ქვიანში, რუსთაველის ქუჩაზე სახარბიელო მდგომარეობა არც ქუჩის სხვა მონაკვეთზეა. წვიმის დროს დიდი ზომის გუბეები ჩნდება და ალაგ-ალაგ გასვლაც კი ჭირს. როგორც მოსახლეობა ამბობს, ნავია საჭირო მათ გადასაცურად:
“გაწვიმებისას ქუჩის თავში იმხელა გუბე დგება, რომ გავლა შეუძლებელი ხდება. ფონს რომ გახვიდე, ნავი უნდა გყავდეს”.
მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ალექსანდრე სარიშვილს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს ამ ქუჩაზე მცხოვრები სალომე ოჩხიკიძე:
“სოფელ ქვიანში რუსთაველის ქუჩაზე როდის მოაწესრიგებთ გზას?! რამდენჯერ მოგწერეთ, რამდენჯერ ფოტოები დავდე, თუ რა მდგომარეობაშია გზა წვიმის დროს. ქუჩის დასაწყისში რომ დახედავთ მარტო, მიდით, ბოლომდე აყევით გზას. რა მდგომარეობაშია მოსახლეობა, ნახეთ, იკითხეთ! სოფლის რწმუნებული ჩვენ არ გვყავს, ყურადღება რომ მოგვაქციოს და იქნებ, ბატონმა ალექსანდრემ მაინც შეძლოს რაიმეს გაკეთება. ამ გზაზე ყოველდღე 12 ოჯახი დადის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ვიმედოვნებ, ბატონი ალექსანდრე ყურადღებას ამჯერად მაინც მოგვაქცევს, ამ გზაზე მანქანა ვერ დადის, ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, ღმერთმა დაიფაროს და სასწრაფო ვერ ასულა, ყოფილა ასეთი შემთხვევაც”, _ წერს მერიის ოფიციალურ გვერდზე სალომე ოჩხიკიძე.
აღსანიშნავია, რომ ქვიანში ბერაიების უბანში გზასთან დაკავშირებული პრობლემა რამდენიმე დღის წინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა წულაძემაც გააჟღერა, როცა გასული წლის სტიქიის თანხების განაწილებასთან დაკავშირებით საყვედური გამოთქვა:
“ჩამონათვალი ვნახე, სად რა კეთდება და ნიგოითის თემი არსადაა ნახსენები. ქვიანში, ბერაიების უბანში გზა ისეა დაზიანებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე. წლებია, ამაზე ვსაუბრობ. მითხარით, იქნებ, მე ვერ მომაქვს ამბავი და ვერ გაგებინებთ ამ ყველაფერს. თუ ვინმე ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხება?! მაშინ რაღა საჭიროა დეპუტატი ან წარმომადგენელი სოფელში?!”
ზაზა წულაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად საჭიროებს მოგვარებას:
“საკრებულოს სხდომაზე მე კიდევ ერთხელ შევახსენე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ბერაიების უბანში არსებული პრობლემა, რაც მისთვის მანამდეც კარგად იყო ცნობილი და ვფიქრობ, ეს საკითხი მოკლე ვადებში აუცილებლად მოგვარდება”, _ იმედს გამოთქვამს სოფლის მაჟორიტარი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს, ის “გურია ნიუსთან” გაკეთებულ კომენტარში ადასტურებს, რომ ზემოთ ნახსენებ პრობლემასთან დაკავშირებით მისი სამსახური ინფორმირებულია, თუმცა, როდისთვის გახდება გზის რეაბილიტაცია შესაძლებელი, ე. წ. ბერაიების უბანში, ვერ აკონკრეტებს:
“ინფორმირებულები ვართ და ვიცით, რომ ეს გზა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა, ამ ეტაპისთვის დაფინანსების საკითხია გადასაწყვეტი, თუ რომელი ფონდიდან გახდება შესაძლებელი ამ კუთხით საჭირო თანხის მოძიება”, _ ამბობს ლევან ჩხაიძე.