ქალაქ ოზურგეთში სასტუმრო “სემში“ გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის რისკზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აივ / შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზის სკრინინგი, როგორც წელს, ასევე, მომავალ წელსაც უფასო იქნება.
მაია ბუწაშვილი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ გამოკვლევებზე ადამიანების დიდი ნაწილი უარს ამბობს.
“შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლა მარტო ექიმების საქმე აღარ არის, ეს გაცდა მედიცინის საზღვრებს. იმიტომ, რომ მოსახლეობას სჭირდება ზუსტი და დროული ინფორმაცია, ანუ ყველა უნდა ჩავერთოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ამ დაავადებების დროული გამოვლენა არის გადამწყვეტია სამივე ეპიდემიასთან ბრძოლაში“, _ გვითხრა მაია ბუწაშვილმა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ გვითხრა, რომ 1 ივლისიდან დღემდე 17 000 ადამიანის გამოკვლევა მოხდა.
“ამ დროისთვის არის ცნობილი, რომ 155 ადამიანს C ჰეპატიტი და 2 ადამიანს კი აივ / შიდსი აღმოაჩნდა. გამოკვლევები გრძელდება, რისთვისაც წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 40 950 ლარი არის გამოყოფილი“, – თქვა მაია ქუტიძემ.
სამუშაო შეხვედრას მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.