ცნობილი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი, როცა ის ინგლისში ცხოვრობდა და ,,ცნობის ფურცელში” ,,ლონდონელის” ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, იხსენებდა 1903 წლის აპრილში ბაფალო ბილის შოუში მონაწილე გურულ მოჯირითეებთან შეხვედრას.
,,ამას გარდა (გურულები) კიდევ ვნახე რამდენჯერმე: ქართულ გაზეთების ახალი ნომრები და ,,მოამბე” მივუტანე, ზოგიც ფოსტით გავუგზავნე. ისეთის დიდის ინტერესით სტაცეს ხელი ამ გაზეთებსა და ,,მოამბეს”, რომ სწორედ გაშტერებული დავრჩი. მაგრამ ამაზე ძლიერ უფრო მაშინ გავშტერდი, როცა ერთმა გურულმა მთხოვა: ლონდონის უნივერსიტეტის პროგრამა მიშოვე. ჩემის ძმისათვის მინდაო; აქედან ფულს ვუგზავნი და საშუალო სასწავლებელში ვზრდიო; გავოცდი მაშინაც, როცა მეორე გურულმა მიამბო: ჩემი ძმა სამკურნალო ფაკულტეტს ათავებს და ფულს აქედან ვუგზავნიო. შევყურებდი ამ გურულებს და თან სიხარულისაგან ძლივსღა ვიდექ ფეხზე. `ამ კაცებმა რუსული ლაპარაკი არც კი იციან (ბ. ქაჯაიას გარდა ქაჯაია ამათი მეთაურია და რუსულიც კარგი იცის), მეცნიერებისა არაფერი არ გაუგონიათ და თავიანთ ნაშოვარ ფულით ძმებს ჰზრდიან უმაღლეს სასწავლებლებში” _ ასე ვფიქრობდი და ძლიერ ვკვირობდი. თუ ეს იშვიათი საარაკო შემთხვევა არაა, თუ გურიაში და მთელ საქართველოში საშუალო სოფლელი კაცი ასე აფასებს მეცნიერებასა და განათლებას _ ეს ძლიერ კარგი ნიშანია, ეს მომავალ განვითარების თავდებია და თანაც იმის მაჩვენებელია, რომ ძველთაგანვე განათლებულ და კულტურულ ხალხს ღირსეული და საკადრისი შთამომავლები ჰყოლია.”
ეს ხდებოდა ასი წლის წინ. დღევანდელი სიტუაციისათვის რომ შეეხედა ბატონ ვარლამ ჩერქეზიშვილს, ელდა ეცემოდა და სულ სხვა შთაბეჭდილებისა იქნებოდა ქართველებზე – ,,ღირსეული და საკადრისი შთამომავლები” კი არა, ამდენი ბეცი, გაუნათლებელი და ბნელი ხალხი საიდან გაჩნდაო, იტყოდა ნაღდად. და ამნაირ ხალხთან გვინდა ნათელი მომავლის მქონე ,,გაბრწყინებული” საქართველოს შენება? მეტი არაა ჩემი მტერი!!!