„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 11 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.
პარტიაში აცხადებენ, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის არ ყოფილა იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა განაცხადა. „პატრიარქის გადაყენებაზე“ მეუფე იაკობის განცხადებას გახარიამაც უპასუხა.