ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის იმ რეპლიკას, რომელიც ადვოკატის პოსტს მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ძვირფასო ნანუკა, დღეს კი დავწერე ვრცელი პოსტი. აქ ყველაფერია ნათქვამი. ჩემს პასუხსაც აქვე ამოიკითხავთ. ახლა ის დრო მოვიდა ტრადიციებს, რწმენას რომ დასცინიან და ფეხქვეშ იგებენ… რაიმე ადამიანური თუ გაქვს შემორჩენილი ამ სიბინძურეში გულუბრყვილობის ან გულწრფელობის სახით, პროვინციალიზმს და სამარცხვინოობას უწოდებენ… ძალაუფლების დაბრუნების ისტერიული ჟინით შეპყრობილები, ცილისწამებას და ტალახის ნაცვლად – ნეხვის სროლას აღარ რიდობენ უდანაშაულო ადამიანებისთვის… შემოვიკრა თავზე ხელი, შექსპირივით 66-ე სონეტის ენით სიკვდილს რომ ნატრობს თუ ვინატრო “რაღაც სხვა” ტერენტივით… ამრია და გადამირია გონება ამ დაუსრულებელმა უსამართლობამ, ქაოსმა… დღეს 7 ნოემბერია, რამხელა ბოროტების მომწყობნი და შემომქმედნი, ურცხვად აგრძელებენ ძალადობრივ შემოქმედებას, აქ უფრო დაუნდობლობა იყო, სიცივე, შიში, უპატრონობა… რომელიც გზარავს და რომელიც წარსულში უნდა დაგვეგდო გველის პერანგივით. რაღას ათრევთ და დაატარებთ ამ დამპალ, აყროლებულ პერანგს და მას ზედ კიდევ უმატებთ ათასგვარ მყრალ ნარჩენებს? სუნთქვა და არსებობა გვინდა ბოლოს და ბოლოს, ბევრ დროს ვკარგავთ თქვენი სიბინძურის წმენდაში, არადა რამდენია საკეთებელი… ჰეი, თქვენ ვინ გეკითხებათ როგორ და რატომ გვწამს ან გვჯერა სასწაულების? ვინ გიბოძა განსჯის უფლება ჩემთვის რამდენიმე მოვლენის დამთხვევა უფლის ნიშანი და სასწაულია თუ მხოლოდ თვითმფრინავის კვამლი? იცით თუ არა, რომ ჩვენი პატრიარქი ჩვენთვის ქართველობის სისხლიანი წარსულის, უფლის რწმენის, ერთიანობის, ერთმანეთის დანდობის, სიყვარულის და ადამიანობის სიმბოლოა, თქვენ ვინ მოგცათ უფლება შეეხოთ ჩვენს მეს და მომავალს? საკუთარი წარსული დაივიწყეთ და ნამოქმედარი, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევთ, მითხარით რატომ უნდა მჯეროდეს თქვენი? და ბოლოს, “თუ ცოდვის ჩამდენი ღირსია სასამართლოსი, დაე, იგი იმან გაასამართლოს, ვისაც მსგავსი არაფერი აქვს ჩადენილი, და არა შენ. სხვები არ უნდა განსაჯოს იმან, ვისაც იგივე და უარეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი.” წმ. გრიგოლ ნოსელი.”- წერს მარიამ კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, მარიამ კუბლაშვილის პოსტს, სადაც ის წერს, რომ პატრიარქმა გაიარა და ცაზე ჯვარი გამოისახა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა:
“თანამედროვე მსოფლიოს რა გამოწვევები აქვს და ჩვენთან ძალიან ბევრ ადამიანს ჯერა, რომ ცაზე არა თვითმფრინავების კვამლი, არამედ პატრიარქის გამო გამოსახული ჯვარია. ამის ჯერათ ადვოკატებს, ექიმებს, მასწავლებლებს. ადამიანებს, რომლებზეც ხშირად სხვა ადამიანების ბედია დამოკიდებული. მძიმე რეალობაა ეს, თორემ მარიამ კუბლაშვილს რომ ჯერა ასეთი “სასწაულების” გასაგებია. მეგორებო, სინამდვილეში ეს თვითმფრინავების გამონაბოლქვია! რავი, მაინც რომ იცოდეთ”,-დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.