სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას” 8 ნოემბერს ფილმის “And then We Danced” პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც სამოქალაქო პლატფორმაში აცხადებენ, კინოჩვენებაზე სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამასთან, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ, რაც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არატოლერანტულ გარემოს.
“8 ნოემბერს საღამოს ფილმის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ძალადობრივი ჯგუფები თბილისის და ბათუმის რამდენიმე კინოთეატრის შესასვლელთან შეიკრიბნენ. შეკრებას წინ უძღოდა მათი ლიდერების აგრესიული განცხადებები და მოწოდებები კინოთეატრებში შეჭრისა და ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა თბილისში კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ძალადობრივი შეკრების მონაწილეები პერიოდულად აწვებოდნენ პოლიციის კორდონს და მის გარღვევას ცდილობდნენ.
ხშირი იყო უკიდურესად ძალადობრივი ქმედებებიც. მაგალითად, სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს შეკრების მონაწილემ მყარი ნივთი ესროლა და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა. ამის გარდა აგრესიის მსხვერპლი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილიც გახდა, რომელიც პოლიციის კორდონით განარიდეს კინოთეატრს.
შეკრების მიმდინარეობისას ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან არ წყდებოდა ჰომოფობიური და მუქარის შემცველი აგრესიული შეძახილები იმ პირების მიმართ, რომლებიც კინოთეატრში ფილმის სანახავად შედიოდნენ. შეკრების მონაწილეები, ისევე როგორც მათი ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვასაძე, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს და ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
უარყოფითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ განცხადებებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და სულ მცირე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის.
ბოლო წლებში აშკარაა აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება. წარსულში მათი აგრესიული ქმედებები არა ერთხელ გახდა მშვიდობიანი შეკრებების უკანონოდ შეზღუდვის საფუძველი (მაგალითად კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქცია, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ გამართული აქციები „სირცხვილია”, თბილისი პრაიდი და ა.შ.).
ხშირია აღნიშნული ჯგუფების გააქტიურება მაშინაც, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ. სამწუხაროდ წარსულში მომხდარი არც ერთ ძალადობრივ შეკრებას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. უყურადღებოდ რჩება ასევე აღნიშნული ჯგუფების ლიდერების მოწოდებები ძალადობისკენ. ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
“არა ფობიას” წევრი არასამთავრობოების განცხადებით, არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან.
“აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უდავოდ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს უფლებასა და მონაპოვარს, რომლითაც სარგებლობა თანაბრად უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, მათ შორის რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითი და მყისიერი საფრთხე, რომ პროტესტი გადაიზრდება ძალადობაში, ხელისუფლებას უჩნდება ლეგიტიმური საფუძველი პროპორციული ზომების გამოყენებით აღკვეთოს ასეთი ქმედებები.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს:
8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით;
გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს;
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად,” – ნათქვამია განცხადებაში.