რა ინვესტიციები და რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის, რა როლს შეასრულებს ეს პროცესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის _ ამ და სხვა საკითხებს ეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიში „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
მსოფლიო ქალთა პროგრესის ანგარიში წარმოადგენს ქალთა უფლებების პერიოდულ თემატურ მოკვლევას, რომელიც წაახალისებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში და ქმნის ქალებისა და გოგონებისთვის შესაფერის გარემოს საკუთარი უფლებების რეალიზებისათვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მსოფლიო ანგარიშები შემუშავებულია მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის, ადამიანის პროგრესის უზრუნველყოფის მსოფლიოს ყველაზე კომპლექსური ჩარჩო დოკუმენტის და მისი 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის დასაჩქარებლად.
კვლევების, მტკიცებულებების, ინოვაციური მიდგომების და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე 2019-2020 წლების პროგრეს ანგარიში სიღრმისეულად მიმოიხილავს ოჯახებს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. ამჟამად, ისევე როგორც ადრე, არ არსებობს „სტანდარტული“ ან „უნივერსალური“ ოჯახის ფორმა, ოჯახები მრავალფეროვანია და ვითარდება. გლობალურ დონეზე შინამეურნეობების მესამედზე მეტი (38%) შედგება წყვილისგან, რომლებიც შვილთან ერთად ცხოვრობენ, გაფართოებული შინამეურნეობა (რომელიც სხვა ნათესავებსაც მოიცავს) ასევე ფართოდ არის გავრცელებული (27%), მარტოხელა მშობლები, რომელთა უმეტესობა ქალები არიან წარმოადგენენ შინამეურნეობის 8% და ზოგიერთ ქვეყანაში და თითქმის ყველა რეგიონში ერთსქესიანთა ოჯახების რაოდენობა სულ უფრო მზარდია.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მისაღწევად, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ოჯახები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, მაგალითად, ევროპაში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხორციელდება.
კვლევაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ოჯახი ქალებისა და გოგონების უფლებებისთვის შეიძლება იქცეს წარმატების ან წარუმატებლობის გადამწყვეტ ფაქტორად, არის ოჯახები, სადაც ქალებზე, გოგონებზე ხდება ფიზიკური, სექსუალური ძალადობა.
ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 ქალიდან 1 იყო ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დღეში 137 ქალი ხდება ოჯახის წევრის მსხვერპლი.
მკვლევარები ამბობენ, რომ უნდა გაიგონ რა ხდება ოჯახებში, როგორ ხდება გარემოს, პოლიტიკის შედეგად ოჯახების ფორმირება.
„3 მილიარდი ქალი და გოგონა ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ქორწინებისას გაუპატიურება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხუთიდან ერთ ქვეყანაში გოგონები ვერ სარგებლობენ ბიჭების მსგავსი მემკვიდრეობის უფლებით, 19 ქვეყანაში ქალები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ საკუთარ მეუღლეებს, განვითარებად ქვეყნებში დაოჯახებული ქალების მესამედს არ აქვთ ჯანდაცვის უფლება.
ქალების რაოდენობა შრომის ბაზარზე იზრდება, მაგრამ ქორწინება და დედობა ამცირებს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, მათ შემოსავალს და იმ სარგებელს, რომელიც დასაქმებას მოყვება“,_ ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ქალებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ შექმნან თუ არა ოჯახი, ვის გაყვნენ და როდის. აქცენტი უნდა გაკეთდეს მეტ განათლებაზე.
ანგარიშში წარმოდგენილი ახალი მონაცემების მიხედვით, გლობალურ დონეზე 25-54 ასაკობრივი ჯგუფის დაოჯახებული ქალების ნახევარზე მეტი დასაქმებულები არიან, მარტოხელა ქალების 2/3 და დაოჯახებული მამაკაცების 96%-თან შედარებით. ამ უთანასწორობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კაცებთან შედარებით, ქალები სამჯერ უფრო მეტ აუნაზღაურებელ შრომას ეწევიან სახლსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვაში, როდესაც მზრუნველობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი.
ანგარიში მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, აქტივისტებს და მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებს მოახდინონ ოჯახების თანასწორობისა და სამართლიანობის სივრცედ ტრანსფორმირება- სადაც ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების რეალიზებას შეძლებენ, გააკეთებენ არჩევანს, გაახმოვანებენ საკუთარ სურვილებს და სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ანგარიშის შედეგად სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯებიც გამოვლინდა.
როგორც გამოთვლები აჩვენებს, ოჯახზე მორგებული პოლიტიკის პაკეტი ქვეყნების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია.
„ქვეყნების მეოთხედს (155 ქვეყნიდან 41) ოჯახზე მორგებული პოლიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლების დახარჯვით შეუძლია განახორციელოს. ქვეყნების ნახევარზე მეტი (79) მას მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლებ ფასად შეძლებს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების მეხუთედი კი ამ პოლიტიკის გახორციელებას მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე ნაკლები ხარჯით მოახერხებს, რაც ნიშნავს, რომ ამის მისაღწევად დამატებითი გარე დახმარება, მათ შორის საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერაა საჭირო“,_ აღნიშნულია კვლევაში.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მირა ბირბაუმი ამბობს, საქართველოში ამ ცვლილებების გასახორციელებლად მშპ-დან 6%-დან 9%-მდე უნდა გამოიყოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ რა ინვესტიციაა საჭირო, რომ ქვეყნებმა ოჯახებზე ორიენტირებული პოლიტიკა და ტრანსფერები განახორციელონ. გავაკეთეთ გარკვეული დაშვებები ქვეყნების დონეზე და ამ დავადგინეთ, რომ საქართველოს დასჭირდება 6%-იდან 9%-მდე მშპ-ს წილის გამოყოფა ამ ღონისძიებების გასახორციელებლად“,_ამბობს ბირბაუმი.
ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია დაესწრო.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას, რომლის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაც სიღარიბეა, არ აქვს უფლება არ მოისმინოს და არ გაითვალისწინოს ეს ანგარიში.
ხოლო, ის პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ითვლებოდა, რომ არ არსებობს, დასანახია და პოლიტიკურ დღის წესრიგშია დასაყენებელი.
„მსგავსი ანგარიშების მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და პოლემიკის წარმოება- ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი რა თქმა უნდა. პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის პრობლემის აღიარება და შემდეგ უკვე ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა. პრობლემის აღიარებაში სწორედ ასეთი ტიპის ანგარიშები გვეხმარება. დღეს ჩვენ ქალთა უფლებების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული აღსრულებით პროცესში, თუმცა, სწორედ, ამ ანგარიშში ჩანს პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო. ბევრი რამე არის გასაკეთებელი. ქალთა როლი გასაძლიერებელი არის, მათ შორის, ეკონომიკაში და ეკონომიკური დოვლათის წარმოებაში“,_ ამბობს ბარკალაია.