წლების წინ, როცა სკოლაში დავდიოდი, დიდი არდადეგების შემდეგ პირველი სასკოლო დავალება თემის მომზადება იყო “როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები“. ჩვენც ვწერდით სად დავისვენეთ, რამდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ, რა წავიკითხეთ ან რა ფილმი ვნახეთ.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ თემის დაწერაზე აღარ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი გავხდი, არაერთხელ დამიწერია იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც სწავლის დროს სკოლაში დადიან, არდადეგებზე კი, სამუშაოდ მეზობელ თურქეთში გადადიან.
ეს ბავშვები ბევრს არ ლაპარაკობენ მედიასთან, სხვა საფიქრალი და სხვა ოცნებები აქვთ. არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ და პარალელურად მუშაობას გეგმავენ. ამის შესახებ ისე მიყვებიან, გეგონებათ, მათი მომავალი ზეცაში დაიწერა და გზიდან გადახვევა არ შეიძლება.
ხშირია შემთხვევები, როცა ზაფხულის არდადეგები დაწყებული არ არის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდან კი ადამიანები ჩაის საკრეფად თურქეთში გადასვლას იწყებენ. მშობლებს ბავშვები თან მიჰყავთ. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები მშობლიურ სოფელში დატოვოს, არაფერს ვამბობ დასასვენებლად წასვლის ფუფუნებაზე.
თუ ადრე ბავშვებს სამუშაოდ წასვლის სურვილი არ ჰქონდათ, ახლა ამ მხრივ სხვა მდგომარეობაა.
“ჯიბის ფულისთვის გადავდივართ,“ – მეუბნება მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ნიკა (ნიკა, პირობითი სახელია), რომელიც უკვე წლებია, დასვენების ნაცვლად, თურქეთში სამუშაოდ დადის.
მასთან ერთად, ინტერვიუზე, კიდევ ორი მეთერთმეტეკლასელი დამთანხმდა.
“დღის განმავლობაში ორ საათს ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ,“ – ვხვდები, რომ ამით მძიმე შრომის შემსუბუქეში ჩემი დარწმუნება სურს. ამაში, მალევე ვრწმუნდები – იქვე მყოფი მისი მეგობარი მეუბნება, რომ სამუშაო დილის 5 საათზე იწყება და დასვენებისთვის მხოლოდ 2 საათი აქვს. ბავშვების უმრავლესობა ინტერნეტით, თამაშით, ქალაქში სიარულით დაღლილი თაობაა, რომელიც მეორე დილის 5 საათამდე იძინებს იმ იმედით, რომ ხელფასს მალე აიღებს.
“კი, არ გვეხალისება ჩაის კრეფა, არც გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენი ფული გვაქვს და ჩვენ თითონ ვყიდულობთ ტანსაცმელს, ტელეფონს, სხვადასხვა ნივთს, რაც გვჭირდება“; “სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მუშაობას თავს არ დავანებებ, რადგან ჩემი ფული მაქვს. სწავლის დამთავრებისას მანქანა მინდა ვიყიდო.“ “ისეთებს ნახავთ სამუშაოზე, რომ მათთვის, დამატებითი დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ რა ქნან, უჭირს ხალხს. აქ უნდა იყვნენ და დაისვენონ. არის შემთხვევები მშობლებს სპეციალურად მოჰყავთ შვილები, რათა აჩვენონ, რა მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. არ ამუშავებს, აჩვენებს ყოველდღიურ საქმეს და მერე არჩევნის გაკეთებას ურჩევს: მუშაობა ჯობია თუ სწავლა…“ – მეუბნებიან ჩემი რესპონდენტები.
თქვენთვის ბავშვობა რასთან ასოცირდება? – ამ კითხვაზე მხოლოდ ერთმა მიპასუხა:
“ ბავშვობა ტკბილი მოგონება უნდა იყოს და არა ჩაის ბუჩქებში გატარებული წლები. მაგრამ…“
რესპონდენტები ჩქარობენ, აშკარად გაურბიან კითხვებს. საუბრის დროს იცინიან. ეს სიცილი უფრო ნერვიულია, ვიდრე ბუნებრივი… რა უნდა თქვა ქვეყანაში, სადაც კანონმდებლები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილი სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ყველაზე პატარა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის დრო აღარ რჩებათ.
თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. ასეთია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგი, რომელიც 2015 წელს, გურიის რეგიონში ჩატარდა.
კვლევაში ასევე წერია, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი – 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.
არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია – ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში.
და ბოლოს, ახლა შემოდგომა და სწავლის დროა; ეს დრო მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩაის კრეფის ახალი სეზონი დადგება. ოზურგეთელი ბავშვები ისევ მოემზადებიან თურქეთში გადასასვლელად. სკოლაში მისულები კი, ზაფხულის ისტორიების ნაცვლად, იმ ამბებზე მოჰყვებიან, რომელიც მათ და მათ თანატოლებს ჩაის პლანტაციებში გადახდათ.
ფოტო ეკუთვნის: www.rizevizyon.com