საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყება “სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
“საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.
კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.
რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.