საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვინაობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ, შესაძლებელია კონკურსი ჩაიშალოს იქედან გამომდინარე, რომ ძველი საბჭოს წევრებმა სამჯერ ვერ მოახერხეს დირექტორის არჩევა.
ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე ათი კანდიდატი აპირებს გასვლას. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა.
ვის სურს დირექტორობა
მეოთხედ ჩატარებულ კონკურსში 10 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ესენია: დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო; ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი; შოთა ზოიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში; გიორგი კოხრეიძე, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი; შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება “ბათომის” დამფუძნებელი, მაუწყებლის თანამშრომელი; ნათია ზოიძე, ამჟამად იგი ასრულებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, რადგანაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ის დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მანამდე ნათია ზოიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” ბათუმის ოფისში მუშაობდა; ნათია შავაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების პროდიუსერი; მაია მერკვილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე; ლაშა ზარგინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ტოქშოუს “მთავარი აჭარაში” წამყვანი; შოთა (ბაჩო) გურაბანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ხელმძღვანელი.
“მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის მოწვეული პროფესორი, ნინო დანელია ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა კიდევ ერთი დამოუკიდებელ ტელევიზიას შეუქმნას პრობლემას. “გურია ნიუსმა“ ნინო დანელიას შეაფასებინა აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
დანელია ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატისთვის აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიაში სკამის მომზადება დაიწყო იმ წამიდან, როდესაც “ქართული ოცნების“ მიერ კვოტით წარდგენილმა საბჭოს წევრმა დაიწყო ნათია კაპანაძის მისამართით იმპიჩმენტის პროცესი.
ნინო დანელია: „თქვენს მკითხველს მინდა შევახსენო, კაპანაძის დროს გამოქვეყნდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მომზადებული ანგარიში, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ იმ პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, აჭარის ტელევიზია იყო გამორჩეულად დაბალანსებული არჩევნების გაშუქების დროს და გამორჩეულად სიღრმისეულად აშუქებდა პოლიტიკურ პროცესებს.
ამ ვითარებაში, როდესაც დირექტორს უცხადებს იმპიჩმენტს, ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები. ასევე, მინდა ვთქვა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს ითქვა, რომ ბიუჯეტი იყო გაფლანგული, ვნახეთ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის ფონზე, როდესაც სამეურვეო საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა, უკვე ნათელი იყო, რაც ხდებოდა _ ხელისუფლებას არ ჭირდებოდა დამოუკიდებელი მენეჯმენტი, არ ჭირდება ტელევიზიის დამოუკიდებელი პროგრამა და მას ჭირდებოდა სათავისო კანდიდატი, რომელიც უზრუნველყოფდა “ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური გაშუქებას ტელევიზიის ახალ ამბებში და არა კრიტიკულს.
ამის შემდეგ, ძველმა საბჭომ ვერ აირჩია ხელისუფლებისთვის სასურველი დირექტორი, რადგან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. შემდეგ ბატონმა კოხრეიძემ, რომელიც ცალსახად არის სახელისუფლებო კანდიდატი, სასამრთლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც გააჩერა საარჩევნო პროცესი სწორედ იმისთვის, სამეურვეო საბჭოს ძველ წევრებს მშვიდობიანად ამოეწურათ საბჭოში ყოფნის საკუთარი ვადა.
კოხრეიძის სარჩელი მიიღო სასამართლომ და პროცესი შეაჩერა, აირჩიეს ახალი საბჭოს წევრები, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატებით არის დაკომპლექტებული და ახლა აპირებენ დირექტორად სახელისუფლებო კანდიდატი დაამტკიცონ.
ახლა რატომ ვამბობ, რომ კოხრეიძე სახელისუფლებო კანდიდატია _ ნათია კაპანაძემაც შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მანაც მოითხოვა, გაეჩერებინათ არჩევნები, მაგრამ მას უარი უთხრეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აირჩევენ იმ კანდიდატს, რომელიც სურს ხელისუფლებას იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, ეს ტელევიზიაც „ჩაიდონ ჯიბეში“.
მე მინდა გამძლეობა ვუსურვო აჭარის ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს და პროდიუსერებს იმიტომ, რომ დღეს მათ მხრებზე დგას ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.
ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე, პროდიუსერები და ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაყურებელს დაბალანსებული, ობიექტური და კრიტიკული სიუჟეტები აჩვენონ. მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში, მაგრამ მინდა ვთქვა, ისინი არ არიან მარტო. მათ ყავთ ბევრი გულშემატკივარი და რაც მთავარია, ერთგული მაყურებელი“, _ გვითხრა ნინო დანელიამ.
ქარტიის საბჭო: „აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს:
“სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის ეჭვს აჩენდა. ამის შესახებ ღიად საუბრობს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც და ხედავს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს.
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.
ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა“, _ წერია ქარტიის განცხადებაში.
“არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო“
„მე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს ვთქვი, რომ ამ მაუწყებელში დავრჩები მანამ, ვიდრე ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი“, _ ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს თეონა ბაკურიძეს ეკუთვნის, რომელმაც ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-გამოცემას “batumelebi.ge-ს.
“ამას ვაპირებ ახლაც. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, ეს თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, თუმცა ნაცარშეყრილი თვალებითაც დავინახავთ და მანამდეც დავინახეთ, რა სცენარიც დაიდგა. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, მას არ ექნება კომფორტი იმისთვის, რომ აკეთოს ის, რისი ეჭვიც გვაქვს“, _ თქვა თეონა ბაკურიძემ.
აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძე ამბობს: „მე თუ მოვედი აქ, არავის არაფერი ემუქრება, აბსოლუტურად არავის. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ ადამინების შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. დაფასება არ არის მარტო ხელფასი _ დაფასება არის ის, რომ შენს გაკეთებულ პროდუქტს უყურებდეს ადამიანი“.