საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მოთხოვნას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კონსტიტუციის უხეშ დარღვევად აფასებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ პარლამენტს წერილით მას შემდეგ მიმართა, რაც მისი აკადემიური ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავაძე საკანონმდებლო ორგანოს მაგისტრის დიპოლომის წარმოსადგენად ვადას სთხოვს, კონსტიტუციონალისტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ზაზა თავაძის მოთხოვნა გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისთვის. მისი აზრით, თავაძეს ეს განხილვების დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, ახლა კი, ექსკლუზიურად მისთვის, გამონაკლისის დაშვება კანონთან შეუსაბამო იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები თავაძის სურვილს საპარლამენტო რეგლამენტის უხეში დარღვევისკენ მოწოდებად აფასებენ. ოპოზიცია თავაძისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭების ნაცვლად ოცივე კანდიდატის კენჭისყრიდან მოხსნას მოითხოვს.
მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენამდე თავაძის კანდიდატურისთვის კენჭისყრის გადადებას გამორიცხავენ მმართვრელ გუნდშიც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პროცესი კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით წარიმართება.
რა დრო დასჭირდება ზაზა თავაძეს მაგისტრის დიპლომის წარსადგენად – მცდელობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ვერ მივიღეთ. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭი მომავალ კვირაში უნდა უყაროს.
წყარო: რუსთავი2