დაპირისპირება მოხდა ოზურგეთში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერები და რამდენიმე (დაახლოებით, 5) მხარდამჭერი შეიკრიბა. მათი თქმით, ისინი დედაქალაქში აქციაზე წასვლას გეგმავენ მსურველებთან ერთად. მანამდე კი უნდოდათ შესულიყვნენ მერიის შენობაში, სადაც 4 საათისთვის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშული, რომელზეც ბიუჯეტის საკითხი განიხილება.
შენობაში შესვლაზე მათ წინააღმდეგობა გაუწიეს “ქართული ოცნების” წევრებმა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და დავით მჟავანაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რის შემდეგაც “ქართული ოცნების” წევრმა, ხათუნა გორგოშიძემ თქვა, შეეშვათ “ეს სამი ადამიანი” შენობაში.
“ეს სამი ადამიანი დგამს შოუს ოზურგეთში და საქართველოს მასშტაბით კი -200. დაანებეთ თავი, მეტი მაგათ არაფერი არ იციან”, _ უთხრა მან თანაგუნდელებს.
“ნაცმოძრაობის” წევრებმა, რომლებიც არ აკონკრეტებდნენ, რა უნდოდათ მერიის შენობაში, დაწესებულება მალევე დატოვეს. გარეთ გამოსულებმა კი პალმის ხეს ბოქლომი დაადეს.
“ჩვენ სიმბოლურად დავადეთ ბოქლომი პალმის ხეს. ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმი მალე გადავარდება”, _ თქვეს მათ.