საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოფიციალურად დაადასტურა ჩვენ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თუ ვინ ჩაანაცვლებდა უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს სხვადასხვა თანამდებობაზე. “ქართული ოცნების“ საკადრო გადაწყვეტილებები ასეთია:საქართველოს პარლამენტს უკვე ოთხი ვიცე სპიკერი ეყოლება და პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს გიორგი ვოლსკი დაიკავებს; ვიცე სპიკერები იქნებიან მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას შეითავსებს, კახაბერ კუჭავა და გიორგი კახიანი.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, კახაბერ კუჭავას ნაცვლად, ნინო წილოსანი დაიკავებს; საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ბერაია, ხოლო საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, კახიანის ნაცვლად გურამ მაჭარაშვილი ჩაიბარებს. ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო განათლების კომიტეტს – გენადი მარგველაშვილი, რომელიც მანამდე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.