საქალაქო სასამართლომ 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულებ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს 2-2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეომტკიებულებები წარმოადგინეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, აქციის მონაწილეებს თავისუფალი აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავდა, უბრალოდ, მათივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ.
აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმ დროს იმართებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.