დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრთა რაოდენობამ იკლო. მგზავრები არჩევანს კომფორტულ ტრანსპორტზე აკეთებენ, მაგრამ მიკროავტობუსები, რომლების მდგომარეობაც, კრიტიკას ვერ უძლებს, დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.
“აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია, ამის მიზეზი გეტყვით რა იყო. ჩვენ ავიყვანეთ ფრანგული კომპანია “სისტრა,” რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ის ახორციელებდა საზოგადებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო საჭირო იქნებოდა თუ არა, საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. კვლევა უკვე ჩაბარებულია, გაკეთებულია ანალიზი და ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების გაბარიტების და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოჰყავს დედაქალაქის მერიას. მიკროავტობუსების როლი და არსებობა ქალაქში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გვაქვს პრობლემა, ამ მიკროავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.
არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება მათი ჩანაცვლება-განახლება, მინდა დავავალო ვიცე-მერს, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, 2 კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან, ეს არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და თუ არ ვცდები 2030 წლამდეა. დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი,”_ განაცხადა კახა კალაძემ.