გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მისი და ვალერი გელბახიანის შეხვედრა “ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენ საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით”. ასე გამოეხმაურა სანიკიძე უკრაინაში სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას.
გუბაზ სანიკიძის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრა ორმხრივი სურვილი შედგა, და როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, მისი შეფასებით, სააკაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
“მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ის ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი, ამიტომ ჩავთავალე, რომ ის ნარატივი, რომელსაც 7 წელია ნერგავს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, “ნაცები” თუ მობრუნდნენ, მეორედ მოსვლა დაიწყება და საქართველოს დაესხმება ყველა მეზობელი, ეს ამაზრზენი და ამორალურიცაა”,_ განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძეს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ სააკაშვილი მას ჯალათს და აგენტს ეძახდა, რაზეც სანიკიძემ ხუმრობით უპასუხა: “აგენტს როდის მეძახდა? თავგასიებულს მეძახდა”.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს 23 ნოემბერს შეხვდა.
საქართველოში განსხვავებული პოზიციების მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ დაიწყეს თანამშრომლობა, რაც პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტი ჩავარდა. ეს უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააპროტესტა და გუნდი დატოვა.
პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩავარდნის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, მათ შორის თბილისში სამართალდამცველებმა ორჯერ დაშალეს აქცია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციებზე მოქალაქეებიც დააკავეს.
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.
წყარო:იმედინიუსი