სამტრედიაში, ბოლო ხუთი წელია, განათლების რესურსცენტრს უფროსი არ ჰყავს და მოვალეობას ბუღალტერი, ელენე ბოხუა ასრულებს!
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, უფროსის გარეშე დარჩენილი რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე, რამდენჯერაც უნდა ჩატარდეს კონკურსი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, სამინისტრო ყოველ წელს ჩაშლილად აცხადებს კონკურსს და ადგილი ვაკანტური რჩება!
_ „კი არის ერთი ქალბატონი, ბუღალტერია, ელენე ბოხუა, ის ასრულებს მოვალეობას და ალბათ , სამტრედიაში განათლებას მეტი არ სჭირდება,“ _ გვეუბნება ჩვენი წყარო.
ჩვენი წყაროსავე ცნობით, 2014 წელს, რაც აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა მაშინდელი უფროსის, ნინო შენგელიას გათავისუფლება, ადგილი ვაკანტურია.
_ „უკვე ყველამ იცის, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილე ადამიანები გადიან სამივე ეტაპს და სამინისტროდან მაინც ასეთი პასუხი უბრუნდებათ : კონკურსი ჩაიშალა!“ _ გვეუბნება წყარო.
მიუხედავად იმისა, რომ „გურია ნიუსი“ დილიდან ცდილობს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას, ვერ მოხერხდა. ჩვენ აღნიშნულ ნომერზე სმს შეტყობინებაც გავაგზავნეთ, თუმცა პასუხი არც აქ ჩანს.
„გურია ნიუსი“ სამინისტროდან მიღებულ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.