შობის მარხვა წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი 15 ნოემბერს (ახალი სტილით – 28) იწყება და 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე) გრძელდება. საეკლესიო ტრადიცია ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც (14 (27) ნოემბერი) უკავშირებს.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარს, დეკანოზი ვასილ კვირჩილაძეს მარხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა:
_ მამაო ვასილ, რამდენად მნიშვნელოვანია მარხვა და რატომ არის მისი დაცვა აუცილებელი?
_ მოგვიახლოვდა წლის უკანასკნელი დიდი მარხვა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მოწოდება თუ ძახილი მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება, რომ ეს წელი მაინც არ დაკარგონ, ის მაინც არ გალიონ ჭეშმარიტებასთან უზიარებლად, ხოლო ეკლესიურად მცხოვრებთათვის მარხვა არის შესაძლებლობა რწმენაში განმტკიცებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლისა. მარხვა დიდი სიხარულია მორწმუნისა, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ერთ–ერთი ამგვარ საქმეთაგანია ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ადვილია (თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა).
_ ხშირად მარხვა და დიეტა ერთმანეთში ერევათ. იქნებ განგვიმარტოთ მარხვის არსი…
_ გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა და თუ ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება ვერ შევძელით, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც, – თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით, – საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვას და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ. შობის მარხვა, დიდმარხვასთან შედარებით, მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ–მონაზვნებისთვისაც კი ნებადართული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერი მიღება (ეს შეღავათი ზოგიერთმა თავის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, უმართებულოდ გაიგო. პარადოქსია, მაგრამ ზოგიერთი “მორწმუნე” იქამდეც მიდის, რომ მოძღვრისაგან საზღვარდადებულ სამჯერ დალევის კურთხევას თავისი პოზიციიდან “მართლად” ეგებება: სამჯერ სვამს არა ჭიქას, არამედ ხანდახან ლიტრიან სასმისსაც კი. რაც მთავარია, კურთხევა “არ ირღვევა” – ის ხომ მხოლოდ სამჯერ სვამს!). საზოგადოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასევეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა–კურთხევაზე.
მარხვა არის მოკლე ან გრძელვადიანი თავშეკავება ყველანაირი ან ზოგიერთი საკვებისაგან; თავშეკავება, რომელიც ეკლესიამ სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა სიმკაცრით დააწესა. ყველაზე მკაცრი მარხვის სახე არის თავშეკავება ყველანაირი საკვებისაგან. ასეთი მარხვა დაწესებულია დიდ პარასკევს. შემდეგია მშრალი მარხვა, ე.ი. მხოლოდ წყალი, პური, ნაყოფები და ისიც ერთხელ დღეში – საღამოს. ასეთი მარხვა, წესით, ისეთ დღეებშია განწესებული, როდესაც რამენაირი გახსნილება არ არის მითითებული. ზოგიერთ მარხვის დღეს, დღესასწაულების საპატივცემულოდ, ტიპიკონი ითვალისწინებს მოხარშული საჭმლის მიღებას, ზეთით ან უზეთოთ; აგრეთვე, გარკვეული დოზით ღვინის მიღებას, დიდ დღესასწაულებში – თევზისაც. ეს უკანასკნელი მარხვის ყველაზე დიდი შეღავათია.
_ საიდან იღებს სათავეს შობის მარხვის ტრადიცია?
_ ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად, სვიმონ თესალონიკელამდე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით. ფრიად საინტერესოდ მოგვითხრობენ შობის მარხვაზე XII ს–ში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ–ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრების ჩანაწერები, XI საუკუნეში – ანასტასი სინელი და ისააკ კათოლიკოსი. ანგარიშგასაწევი ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომლებიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული, ასევე – ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (Xს.), საბა განწმენდილისა (Vს.) და ლეონ რომის პაპის (Vს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან. ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმა ფესვები აქვს მარხვის საეკლესიო ტრადიციას.
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის II საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა “დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ“. მატისონის 582 წლის კრების მიხედვით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (ახ. სტ. – 25 ნოემბერს) და ქრისტეშობამდე გრძელდებოდა. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ–ერთი ჩანაწერის თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: “აღმოსავლეთში ზოგიერთი ამ მარხვის ხანგრძლივობას ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდეც კი ამცირებდა“. თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.
პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, “ის, ვინც შვიდ დღეს მაინც არ მარხულობს, საერონი და სასულიერო პირნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალდებულებს, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა”.
პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს.