საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ ამჯერად გურიაში გრძელდება. 28 ნოემბერს 18:00 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში კონცერტს ანსამბლი ,,თბილისი“ გამართავს. გაჟღერდება ქალაქური სიმღერები, სადაც მსმენელებს შეეძლებათ 2 წლის ანიტას დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას. აქვე უნდა ითქვას, რომ ანიტას დედა წარმოშობით ოზურგეთიდანაა.
ანსამბლი თბილისი 1980 წელს დაარსდა. მალევე სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა და საქართველოს თუ მსოფლიოს მრავალ სცენაზე სახელი გაუთქვა ქართულ სიმღერას.
,,თბილისს“ პირველივე დღიდან სათავეში უდგას ლოტბარი და ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი: რობერტ გოგოლაშვილი.
ანსამბლი თანამშრომლობდა ისეთ უცხოელ თუ ქართველ ხელოვანებთან როგორებიც არიან: ბენი ანდერსონი და ჯგუფი ,,ABBA”, ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ინსაითი”.
შემდეგი კონცერტი 29 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი ,,ნადური”.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება. დასწრება თავისუფალია.
პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.