28 ნოემბერს, ოზურგეთის მუნუციპალიტეტის ბიურომ 15 საკითხი განიხილა.
ყველაზე მეტი კითხვა დაისვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციის საკითხის ირგვლივ .
მერიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტის ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” , _ იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა.
ბიუროს წევრი დეპუტატები დაინტერესდნენ, ორი სამსახურის შერწყმას და ახალი საშტატო ერთეულების მატებას, ხომ არ მოყვება რაიმე არასასურველი შედეგი.
დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ დააკონკრეტა კითხვა, _ როცა სოციალური სამსახურის უფროსი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან, მან მიმართა სასამართლოს. თუ სასამართლომ ის აღადგინა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა რეორგიზაციის მიხედვით, ეს სამსახური უკვე გაუქმებული იქნება და კულტურის სამსახურთან იქნება გაერთიანებულიო.
ლაშა თავაძემ განმარტა, რომ თუ ეს ასე მოხდება, მერია ვალდებულია, მას ტოლფასი თანამდებობა შესთავაზოს.
მერიის წარმომადგენლებმა ასევე ბიუროს სხდომაზე განმარტეს, რომ რეორგანიზაციის მიხედვით, რომელიც უნდა გახორციელდეს, არ იგეგმება არანაირი შტატების შემცირება ან რანგების ცვლილება. წარმოდგენილი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის კულტურის სამსახურთან შეერთებას. ასევე საშტატო ნუსხას ემატება ხუთი საშტატო ერთეული. ცალკე გამოიყოფა და შეიქმნება ზედამხედველობის სამსახური, რომლის აუცილებლობაც გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტი დიდია.
_”ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტით ყველაფერი ისეა განსაზღვრული, რომ ეფექტური მუშაობა გარანტირებული იქნება,” _ განაცხადა თავაძემ.
_”შენ ადრე უფრო მრავლისმომცველი მოხსენება წარმოადგინე და ახლა რაც წარმოადგინე, არადამაკმაყოფილებლია. რა არის ამ ცვლილების მიზეზი, უნდა ამაღლდეს თუ არა შრომის ნაყოფიერება . რეოგანიზაცია რთული ოგანიზმია, მეტი დასაბუთება სჭირდება. ძალიან გთხოვთ, პირვანდელი ვარიანტი რომ გქონდათ, ის მიუმატეთ და ისე წარმოადგინეთ,” _უთხრა მას ლავრენტი ბიგვავამ.
_”დიახ, ეს მივამატე,”_ უპასუხა თავაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაციის თემასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა წარმოიშვა, საკითხს, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შესატანად, კენჭი დადებითად უყარეს.