26 ნოემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დარბაზში განსაკუთრებული ხალხმრავლობა არ იყო _ სხდომას დეპუტატების ნაწილი ესწრებოდა, განხილვაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები, მოქალაქეები, ჟურნალისტები. თუმცა, ბევრი საჭირბოროტო კითხვა დაისვა, რაც საზოგადოებას აინტერესებს და აწუხებს.
განხილვის მონაწილეებს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” წარმომადგენელი, ლაშა გოგიძე მიესალმა. მან ზოგადად ისაუბრა ოზურგეთის ბიუჯეტის შესახებ და თქვა, რომ ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული განხილვის პროცესში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ თავის გამოსვლაში განმარტა, რომ იმედი აქვს, ის მრავალი შენიშვნა, რომელიც ბიუჯეტის ირგვლივ გამოთქვა საკრებულომ და მერე დაუბრუნა აღმასრულებელ ხელისუფლებას, სრულად იქნება გათვალისწინებული.
_ სულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 26 211,6 ათასი ლარით. შენიშვნები, დარწმუნებული ვარ, ასი პროცენტით იქნება გათვალისწინებული, _ თქვა დარჩიამ, თუმცა, შენიშვნების ასპროცენტიან გათვალისწინებას დარბაზი სკეპტიკურად შეხვდა.
პრეზენტაცია საბიუჯეტო განყოფილების უფროსის, პავლე ჭყონიას გამოსვლით დაიწყო. მან პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება _ ესაა ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და დასუფთავება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. მან თქვა, რომ თითოეული ეს მიმართულება, გაცილებით მეტად არის დაფინანსებული, ვიდრე გასული წლების ბიუჯეტის მიხედვით. თუმცა, ამ მხრივ, სდკ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლევან ხინთიბიძემ შენიშნა, რომ თუნდაც ორი წლის წინანდელი, ვთქვათ, 18 ათასი ლარი, იგივე მსყიდველობითი უნარის არ არის დღეს.
პავლე ჭყონიამ ისაუბრა ყველა მიმართულების შესახებ:
_ სოფლის განვითარების პროგრამით, ჯერჯერობით, იგივე რაოდენობის დაფინანსება იქნება, _ თქვა მან.
საბავშვო ბაღების პედაგოგთათვის ხელფასის 50 ლარით გაზრდას, რაც ჭყონიამ თავის გამოსვლაში თქვა, დარბაზში კითხვები მოჰყვა. კერძოდ, ჟურნალისტებმა იკითხეს, რატომ არ მოხდა ხელფასის ასი ლარით გაზრდა, როგორც იყო შეპირებული.
საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მოხდება მხოლოდ 50 ლარით ზრდა, ხოლო სექტემბრიდან, როგორც მათ სამინისტროში უთხრეს, დაგეგმილია ასი ლარით ზრდა: _ ამ ეტაპზე კი მხოლოდ ეს მოხერხდა, _ დააზუსტა მან.
პავლე ჭყონიამ გარემოს დაცვის პრიორიტეტის სიახლეზე ისაუბრა:
_ ეს არის ახალი პრიორიტეტი, თუმცა, ინფრასტრუქტურული მიმართულება ამას ადრეც ნაწილობრივ მოიცავდა. დაგეგმილია მუნიციპალური ნარჩენების იზოლირება, მწვანე ნარგავების აქტიურად გაშენება, მიუსაფარი ცხოველების განსაკუთრებული პატრონობა, _ თქვა მან.
დარბაზში წამოჭრილ კითხვებზე მიუსაფარი ძაღლების სრულად მოვლა-პატრონობის თაობაზე, ჭყონიამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ გასცა. ეს კონკრეტულად ძაღლების თავშესაფარს ეხება, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს და ქალაქი, ფაქტობრივად, მიუსაფარი ძაღლებითაა ავსებული.
_ ჩვენ ძაღლების წინააღმდეგი კი არ ვართ, ადამიანი უნდა იყოს უსაფრთხოდ და დაცულად. როგორც ვიცი, მგონი, მთელი დასავლეთ საქართველოს ძაღლების თავმოყრის ადგილი ოზურგეთი გახდა, რადგან აქ შემოყავთ ყველა ძაღლი, მოვლას რასაც ეძახით _ კასტრაციას თუ ყურზე ნიშნულის გაკეთებას? აუცილებელია, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ეს არის საზოგადოების პრობლემა, რაც ადვილად გასატარებელი არ არის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ამ საქმეში, _ თქვა ლევან ხინთიბიძემ.
პავლე ჭყონიამ ისაუბრა ყველა ძირითად პრიორიტეტზე. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სკოლამდელი აღზრდის თემაზე და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება 4 მილიონ 600 ათასი ლარით ფინანსდება და მართალია, არაა საკმარისი, თუმცა, არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ დაფინანსება ყოველ წელს გაიზარდოს.
_ ასევე, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მერია მაქსიმალურად ცდილობს, მეტი ყურადღება მიაპყროს ამ მიმართულებას, _ თქვა ჭყონიამ.
მან გააკეთა ჩამონათვალი: დღის ცენტრისთვის _ 45 ათასი ლარი, მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებისთვის _ 280 ათასი ლარი, თირკმლით დაავადებულთათვის 37 ათასი ლარი, შეზღუდული უნარის მქონეთათვის _ 255 ათასი ლარი, სარიტუალო მომსახურებისთვის კი _15 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხაზი გაუსვა, ასევე, ერთ წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის დახმარებას, რისთვისაც გამოყოფილია 70 ათასი ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლა ბიუჯეტზე საუბრით დაიწყო:
_ ჩვენი ბიუჯეტის ზრდადია და პროგრესირებადი. კანონმდებლობაც ხელს გვიწყობს და შემოსულობებიც, რომ ეს ასე იყოს. ზოგი მუნიციპალიტეტი სულ დოტაციაზეა. ჩვენ ასე არ ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი სწორად დავგეგმოთ. მთავარი რაც არის, ეს ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. მხოლოდ ორი ცვლილება მოხდა წლის მანძილზე ბიუჯეტში და ამ მხრივაც ერთადერთი ვართ. ეს ორი ცვლილებაც აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა, _ თქვა მერმა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საკრებულოს სხდომებზე დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა სწორედ მცირე ცვლილების გამო, რაც წლის განმავლობაში მოხდა ბიუჯეტში. ის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ეს ცვლილებები მეტად უნდა მომხდარიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მცირე ცვლილებას მერი წარმატებად მიიჩნევს, დეპუტატი კი დარღვევად.
შარაშენიძე მიიჩნევს, რომ სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთათვის აუცილებელია ხელფასის ზრდა:
_ ძნელი წარმოსადგენი არ არის, ოჯახშიც როგორი ყურადღება და მოვლა სჭირდება ორ და სამ ბავშვს. ხოლო როცა ერთი აღმზრდელი 30 ბავშვს უვლის, მას ხელფასი მაღალი თუ არა, იმაზე მეტი უნდა ჰქონდეს, რაც აქვს. ამიტომ ყოველთვის გვექნება მცდელობა, გავზარდოთ მათი ხელფასი. ახლა კი რაც შევძელით, ეს არის 50 ლარით ზრდა, _ თქვა მან.
კოტე შარაშენიძემ, ასევე, უპასუხა კითხვას, სოფელ შემოქმედში რატომ ჭიანურდება ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნა, რომელიც ორი წელია დასრულებულია:
_ კარგია, რომ ეს გაინტერესებთ, თუმცა, ჩვენც არანაკლებ ვართ დაინტერესებული. ეს არის თავიდანვე არასწორად დაგეგმილი. ვარლამ სიმონიშვილს სოფელში თავისი მშვენიერი სახლ-კარი აქვს, ის მუზეუმად საუკეთესოა და საკმარისი. ჩაუდექით სათავეში, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და საზოგადოების გადაწყვეტილების მიხედვით, მივცეთ დანიშნულება, რისთვის გამოვიყენებთ ამ ნეგებობას, _ თქვა მან.
ბიუჯეტის განხილვისას დაისვა კითხვები ადგილობრივი შემოსავლების ზრდის შესახებ. კონკრეტულად, ლევან ხინთიბიძე ქონების გადასახადით შემოსავლების ზრდის მიზეზებით დაინტერესდა.
პავლე ჭყონიამ განმარტა, რომ ეს მიწების დარეგისტრირების პროცესს მოჰყვა.
ბიუჯეტის განხილვაზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა საკუთარი მოხსენებით “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა საკრებულოში მარიკა ჩხიკვიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი არ ესწრებოდნენ სხდომას.
_ მართალია, ახლა არ ესწრებიან, ყველამ ვიცით, რომ თბილისში აქციებია და წასული არიან, თუმცა, მათ მრავალი კარგი ინიციატივა გამოიჩინეს. ეს ეხება სხვადასხვა ქუჩაზე წყლით მომარაგების პრობლემას. განსაკუთრებით, ქალაქ ოზურგეთში, “შანხაის უბანში” 20-ათასლარიანი პროექტის გახორციელებას გამოვყოფდი, _ თქვა ლევან ხინთიბიძემ.
_ ჩვენ არამიზნობრივად ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს. ადრე უფრო იყო არარენტაბელური პროექტები. ორი წელი კიდევ წინ გვაქვს და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, რაც ხალხს აწუხებს, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, _ თქვა მუნიციპალიტეტის მერმა.