29 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რეორგანიზაციის საკითხის ირგვლივ, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ წამოიწყო პოლემიკა:
_ რა კვლევა ჩაატარეთ ასეთი, რომ სოციალურ სამსახურს აუქმებთ და კულტურას უერთებთ? ერთს ხომ არ აძლიერებთ ამით და მეორეს ხომ არ ასუსტებთ? რამ განაპირობა ამ სამსახურის სხვა სამსახურთან მიერთება? სოციალური სამსახური ერთ-ერთი ყველაზე რთული სქემაა, სადაც მოქალაქეები ყველაზე მეტად მიდიან და ითხოვენ დახმარებას, _ თქვა მჟავანაძემ.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მართალია, ამ ხნის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არ ჰყავდა უფროსი, თუმცა, ამით ხელი არაფერზე შეშლიათ და პირიქით, უკმაყოფილოდ ან უპასუხოდ არავინ დაგვიტოვებიაო.
_ ეს იმის ხარჯზე, რომ სულ, რასაც ჰქვია, „საგიჟეთი“ გაქვთ? თქვენზე გადადის ეს ყველაფერი. პირადად თქვენ , მინდა, კომპლიმენტი გითხრათ, რადგან არავის ტოვებ უყურადღებოდ, მაგრამ როცა შენი მთლიანად ამაზე გადართვით, რასაც „საგიჟეთი“ ჰქვია, სხვა საქმე ხომ არ ფუჭდება? -კვლავ ჩაეძია მჟავანაძე.
_ აუ, რაღა უჭირს ახლა სირაძეს, რაკი შენ კომპლიმენტი სტყორცნე, – ჩაილაპარაკეს „ოცნება-დეპუტატებმა“.
ირაკლი სირაძემ განმარტა, რომ მჟავანაძე რასაც საგიჟეთს ეძახის, ეს არის ხალხისთვის ღიაობის პრინციპით შეხვედრა.
_ კომპლიმენტისთვის მადლობას გიხდით, თუმცა არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ საშვთა სისტემა გაუქმდებოდა და ხალხი თავისუფლად შემოვიდოდა მერიაში საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ. ამით ჩვენ არ ვწუხდებით, _ თქვა სირაძემ.
__ჩვენი ფრაქცია მხარს მაინც არ დაუჭერს ამ ცვლილებას, _ თქვა მჟავანაძემ.
„ოცნების“ დეპუტატებმა ისევ ჩაილაპარაკეს: „აუ, ხო დეიღუპა საქმე და დარჩა რეორგანიზაცია გაუტარებელი“.