მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები ცნობილია.
გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ, კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი კარგი ზრდაა, თუმცა, სურათი სახარბიელო არ არის.
„oecd-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს. დინამიკა ზრდადია, თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა, მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ,“_ განაცხადა გორგოძემ.
მონაცემების მიხედვით, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია. ქვეყნების რეიტინგში კი პოზიციების მიხედვით, საქართველოს ყაზახეთი და აზერბაიჯანიც კი უსწრებენ.
ცნობისთვის, PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობდა საქართველოს 326 სკოლიდან 5572 მოსწავლე. ბიჭებთან შედარებით კი კარგი შედეგები გოგონებმა აჩვენეს. კვლევის სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
რაც შეეხება საქართველოს, ის კვლევაში 2009 წელს ჩაერთო, ხოლო 2012 წელს ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, PISA არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს.