ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 თვის ბიუჯეტის შესრულების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს.
უწყების ცნობით, განვლილი 11 თვის შედეგებით, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.
11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46%-ით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.
უწყებისვე გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებით სრულდებოდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება დაგეგმილ კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. 3 თვის დამტკიცებული გეგმა 5 მილიონი ლარის გადაჭარბებით – 102%-ით, 6 თვის დამტკიცებული გეგმა 2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 100.4%-ით, ხოლო 9 თვის დამტკიცებული გეგმა 23.2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 103%-ით შესრულდა.