თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან, ხოლო ერთი დომბა, იგივე ევროპული ბიზონი უკრაინიდან, ნიკოლაევის ზოოპარკიდან ჩამოვიდა.
როგორც ირკვევა, ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდებიან, სადაც მათთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით _ მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.
დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით აღადგინეს.