ონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.
ჩვენთან ინტერვიუში, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას, რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
„დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული. როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ … მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს. მყავს საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას… ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის – თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.
მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი!
„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო იქნება.