საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები.
პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებაა.