ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოში აღმოჩენილი ვადაგასული ხორცის გამო, კომპანია “სოფოს” 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც უვარგისი ხორცის გამო, ქვეყნის მასშტაბით განგაში ატყდა, მალევე ამოტივტივდა „სიტუაციის დაცხრომის“ სურათი_ ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცის გამო, არ დაწერილა კრიტიკული შეუსაბამობის ოქმი. კომპანიას მხოლოდ ჯარიმა აკმარეს. ამასთანავე, დიდი კითხვის ნიშანი დაისვა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის, მანანა ერქომაიშვილის განცხადების გამო, რომ ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი და ბათუმში უნდა გაეტანათ.
_ შპს „სოფო“ ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი, რომელიც არ იყო დამუშავებული, მისთვის არ იყო მოშორებული რისკის შემცველი ნაწილები და ეტიკეტის და საბუთების გარეშე იყო დასაწყობებული. მეორე დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ პროდუქციის ნაწილზეა ეტიკეტი, რომელიც 4 დეკემბრითაა დათარიღებული. ხოლო რომელიც უფრო ახალი ჩანდა, იმას არ ჰქონდა ჯანმრთელობის ნიშანდება. ჩემთვის ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, ხორცი არის საკვებად უვარგისი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.
_ ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში აქტიურია კითხვა, კრიტიკული შეუსაბამობის გამო ოქმი რატომ არ დაიწერა?
_ კრიტიკულ შეუსაბამობებს აქვს ჩამონათვალი, როდის არის საჭირო ასეთი ოქმის დაწერა. ამ შემთხვევაში არ ყოფილა კრიტიკული შეუსაბამობა. გეუბნებით, კრიტიკულ შეუსაბამობას სხვა ჩამონათვალი აქვს. ფორმალობის გარეშე იყო შემოტანილი და ამის გამო იყო სხვა საჯარიმო მუხლები დარღვეული _ ეტიკეტირების წესი, ხორცი ვადაგასული იყო. ამ ეტაპზე დალუქულია ხორცი და მიმდინარეობს გამოძიება.
_ როცა ხორცი, ლამის, დეფიციტია, არის თუ არა გასაკვირი, ამდენ ხორცს ვინ იმეტებს გასაფუჭებლად და რატომ?
_ ეტყობა, აგროვებდა მაცივარში. გითხარით, მხოლოდ ერთ ნაწილზე იყო შერჩენილი ეტიკეტი, იკითხებოდა ვადა _ 4 დეკემბერი დ 6 დეკემბერს უკვე ვადა ჰქონდა გასული.
_ როცა თქვენ მიერ გაჟღერდა, რომ ხორცი ბათუმისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო, განსაკუთრებით, ბათუმში გაღიზიანდნენ. ნახავდით, ფეისბუკსივრცეში წერენ, რა იცოდა რომ ბათუმში მიჰქონდათ და არა ჩხოროწყუშიო…
_ როგორც ბიზნესოპერატორმა თქვა, ეს ხორცი მიჰქონდათ ბათუმის ზოგიერთ საბავშვო ბაღში. იმიტომ, რომ შპს „სოფო“ ყველა ბაღს არ ამარაგებს. შპს „სოფო“ არის დამფასოებელი და შპს „მანუჩარს“ შეაქვს ბაღებში. ხელშეკრულება აქვთ მათ, ტენდერში გაიმარჯვეს. ჩვენი მოგონილი კია რ არის, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.
თუმცა, საზოგადოებაში კვლავ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ბიზნესოპერატორმა, შესაძლოა, ისიც თქვას, რომ ეს ხორცი ვარგისი და საუკეთესოა (ამბობდა კიდეც, როგორც ვიდეოკადრებში არაერთხელ ნახა საზოგადოებამ) და ჩვენ უნდა გავიმეოროთ?